ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა საგანმანათლებლო სფეროში – ინტერვიუ დიეგო კოლასთან, საფრანგეთის ელჩთან საქართველოში

საფრანგეთი საქართველოს მჭიდრო პარტნიორია, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის – საგანმანათლებლო მიმართულებით. ასე, მაგალითად, 2016 წლიდან, საფრანგეთის საელჩოს, კამპუს ფრანსსა და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ხორციელდება ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა საქართველოს მოქალაქეებისთვის. პროგრამის შედეგად უკვე 70-მა ქართველმა სტუდენტმა შეძლო საფრანგეთში სასწავლებლად წასვლა, მათ განათლება მიიღეს სხვადასხვა დარგში, საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში.

სასტიპენდიო პროგრამის კონკურსი მიმდინარე წელსაც ჩატარდა, კონკურსანტებთან გასაუბრებები, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ონლაინრეჟიმში გაიმართა. შედეგად ერთობლივმა კომისიამ 9 გამარჯვებული გამოავლინა, სტიპენდიატები საფრანგეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას – უსაფრთხო გარემოში, არსებული ვითარების დასტაბილიზების შემდეგ გააგრძელებენ.

სწორედ ამ და სხვა საგანმანათლებლო პროექტების შესახებ გვესაუბრება საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი:

– როგორ შეაფასებდით საფრანგეთსა და საქართველოს შორის საგანმანათლებლო მიმართულებით თანამშრომლობით საკითხებს და როგორ გესახებათ სამომავლოდ ამ კოოპერაციის პერსპექტივები?

– საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობა საგანმანათლებლო სფეროში ახალი არ არის. ეს თანამშრომლობა მრავლისმომცველია, დაწყებული სასკოლო განათლებიდან ის ვრცელდება საუნივერსიტეტო განათლებაზეც, ასევე, მოიცავს სხვადასხვა პროფესიულ სფეროსაც. ის ქართველ მოსწავლეებს, სტუდენტებსა და მკვლევრებს აძლევს საშუალებას, განათლება მიიღონ საფრანგეთში, სადაც მათ ხელი მიუწვდებათ მაღალი დონის პროფესიონალურ განათლებაზე როგორც ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში, ისე – საბუნებისმეტყველო და ეკონომიკურ დარგებში.

საფრანგეთმა თავის თავზე აიღო და აქტიურად მუშაობს, რათა ხარისხიანი განათლება მისცეს ქართველებს: მომავალ მენეჯერებს, ბიზნესმენებს, ადვოკატებს, სახელმწიფო მოხელეებს, ინჟინრებსა და მეცნიერებს, რომლებიც სამომავლოდ იღვაწებენ თავიანთი ქვეყნის განსავითარებლად. ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, ასევე, რომ ამგვარი მობილობა მნიშვნელოვნად გააღრმავებს ურთიერთობებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის.

ორმაგი დიპლომის პროგრამის დანერგვა 2020 წლის სექტემბრიდან, რაც ხორციელდება ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის საქმიანობის ფარგლებში, უფრო ინტენსიურს გახდის მეცნიერული და აკადემიური წრეების ურთიერთობას.

ჯერ მხოლოდ რვა თვეა, რაც საქართველოში ვახორციელებ ჩემს მისიას და ამ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვუმასპინძლეთ დელეგაციებს ცნობილი და პრესტიჟული ფრანგული უნივერსიტეტებიდან, როგორებიცაა: სორბონისა და პარი-საკლეის უნივერსიტეტები, რომლებიც ფართოდ არიან დაინტერესებულნი ქართულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით.

ამ ინტერპერსონალური და ინტერკულტურული გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ეს პროგრამა საჭირო და აუცილებელია საქართველოს ევროპასთან დაახლოებისთვის.

– როგორია თქვენი მოსაზრება/კომენტარი განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საფრანგეთის საელჩოს სასტიპენდიო პროგრამის, ამ პროგრამის მნიშვნელობისა და პრიორიტეტების შესახებ?

– განათლების საერთაშორისო ცენტრსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შორის თანამშრომლობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. მე ვამაყობ იმით, რომ ჩვენ შევქმენით თანადაფინანსებული სასწავლო პროგრამა, რომელიც ფინანსდება, ერთი მხრივ, საფრანგეთის მთავრობის მიერ და, მეორე მხრივ, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ. ეს უკანასკნელი უმთავრეს როლს თამაშობს ამ პროექტში. პროგრამის წყალობით 70-მა ქართველმა სტუდენტმა შეძლო საფრანგეთში წასვლა სასწავლებლად, მათ განათლება მიიღეს სხვადასხვა დარგში, ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში. მსოფლიო მასშტაბით. ეს არის ერთ-ერთი იშვიათი პროგრამა, რომელიც მიბმულია უშუალოდ საფრანგეთის მთავრობასთან და ერთადერთი ამ ტიპის პროგრამა აღნიშნულ რეგიონში. ის არის დასტური მაღალი ნდობისა, რომელიც ორ მთავრობას შორის არსებობს, იმ ბრწყინვალე სამუშაოსი, რომელიც ხორციელდება ორი ქვეყნის წარმომადგენლების მიერ: სტიპენდიატების ერთობლივი შერჩევა და, ასევე, თითოეული სტუდენტის საქმიანობის დაკვირვება საფრანგეთში, შემდეგ კი – საქართველოში, დიპლომების აღების შემდგომ პერიოდში.

ყოველ წელს ფრანგული ინსტიტუტი საქართველოში 100 000 ევროთი აფინანსებს ერთობლივ სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამას, რაც ნათლად მეტყველებს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა საქართველოსთვის უმაღლესი განათლების თვალსაზრისით. ჩვენთვის დიდი პატივია, ხელი შევუწყოთ საქართველოს სამომავლო განვითარებას და დავეხმაროთ მას, რათა მოამზადოს მაღალი დონის კვალიფიცირებული სპეციალისტები და შეძლოს, დააკმაყოფილოს ქვეყანაში არსებული სოციალური და ეკონომიკური მოთხოვნები. ეს სასტიპენდიო პროგრამა ზუსტად პასუხობს საქართველოში ამჟამად არსებულ მოთხოვნას, რაც გულისხმობს ადამიანური შესაძლებლობების ადგილზე განვითარებას.

სწორედ ამიტომ, საფრანგეთი ამაყობს იმით, რომ ქართველ სტუდენტებს განათლებას აძლევს მენეჯმენტის, სამართლისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა დარგებში ისეთ საუკეთესო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორებიცაა: პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი, ჩრდილოეთის ბიზნესსკოლა. სტუდენტები ეწერებიან იმ საუკეთესო პროგრამებზე, რომლებიც კონკურენციის მაღალი დონით გამოირჩევიან. ისინი ითვისებენ უახლეს ინფორმაციებს და იძენენ ცოდნას შესაბამის დარგებში, რასაც სამომავლოდ თავიანთი ქვეყნის სასარგებლოდ გამოიყენებენ.

– როგორ აფასებთ აღნიშნული პროგრამის უკვე არსებულ შედეგებს, განვლილ თანამშრომლობას განათლების საერთაშორისო ცენტრთან და რა მიზნებს ისახავთ სამომავლოდ აღნიშნული მიმართულებით?

– ჩვენ ვამაყობთ ამ პროგრამის შედეგებით, განსაკუთრებით, იმ ბენეფიციარებით, რომლებმაც მოახერხეს პროფესიული ინტეგრაცია და ჩაებნენ საინტერესო პროექტებში საქართველოში დაბრუნებისთანავე, რათა ემსახურონ ქვეყნის განვითარებას. ისინი მოღვაწეობენ პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ, მეცნიერულ დარგებში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებში… დიდი ხანი არაა, რაც მე დავესწარი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმების ფორუმს, რომლის წამყვანიც იყო ჩვენი ყოფილი სტიპენდიატი. ფორუმი გაიმართა პარი-ესტ კრეტეის უნივერსიტეტის ჯგუფის პროექტის ფარგლებში. ვპასუხობთ რა განათლების საერთაშორისო ცენტრის ინიციატივას, ჩვენ მოვაწყვეთ Doctoral Lab სტუდენტებისა და მომავალი მკვლევარებისთვის, ეს ღონისძიება შეეხებოდა საფრანგეთის უნივერსიტეტებში სადოქტორო სწავლებას. ჩვენ ფრიად კმაყოფილები ვართ, რომ მოგვეცა მასში მონაწილეობის საშუალება და ჩვენ საქართველოში მოვიწვიეთ ორი ადამიანი საფრანგეთის უნივერსიტეტებიდან.

ვიმედოვნებთ, რომ თანამშრომლობა სადოქტორო სწავლების სფეროში გაგრძელდება მომდევნო წლების განმავლობაშიც და საფრანგეთი მიიღებს არაერთ ნიჭიერ ადამიანს და მკვლევარს ისეთ პერსპექტიულ დარგებში, როგორებიცაა ფიზიკა, ინჟინერია, ბიოლოგია და მათემატიკა.

ფოტოს ავტორი: ზური ქავთარაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები