თბილისის სააპელაციო სასამართლო “ანას ბაღის” მიმდებარედ მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, სასამართლო „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობის შეჩერების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე განმარტებას აკეთებს”, – განცხადებას ამის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის სააპელაციო სასამართლოს “ანას ბაღის” მიმდებარედ მშენებლობის გაგრძელების ან შეჩერების საკითხი არ გადაუწყვეტია.

“მედიისა და პრესის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, სააპელაციო სასამართლომ, თავისი გადაწყვეტილებით, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის გაგრძელების ნებართვა გასცა, არ შეესაბამება სინამდვილეს და წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილების არასწორ სამართლებრივ და ფაქტობრივ ინტერპრეტაციას.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2020 წლის 27 აპრილს განიხილა კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 თებერვლის განჩინების გაუქმების მოთხოვნით, რომლითაც, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდა მშენებლობა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა კერძო საჩივარი და მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, თანაზომიერების პრინციპზე დაყრდნობით, უნდა შეაფასოს, რამდენად დაცულია პროპორციულობა კერძო პირთა და საჯარო ლეგიტიმურ მიზნებს შორის, რისთვისაც საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა თბილისის საქალაქო სასამართლოს. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს არ გადაუწყვეტია მშენებლობის გაგრძელების ან შეჩერების საკითხი.
სასამართლო მოუწოდებს მხარეებს და ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები