ამირან გამყრელიძე: ტესტირებას ჩავუტარებთ კარანტინში მყოფ ადამიანებს, ტრაილერების მძღოლებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსზე ტესტირების გაფართოება რამდენიმე ეტაპად არის დაგეგმილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა.

„გაფართოება რამდენიმე ეტაპად არის დაგეგმილი. დღეს ქვეყანაში იტესტება ყველა ის ადამიანი, ვინც ექვემდებარება კოვიდზე შესაძლებელი შემთხვევის განსაზღვრებას. ესენი არიან ის ადამიანები, ვისაც აქვთ ან არ აქვთ ცხელება, თუმცა აქვთ რესპირაციული ინფექციის სიმპტომები. დღეს იტესტება ცხელების კლინიკაში ყველა მისული პაციენტი და  პნევმონიის მქონე ყველა ადამიანი ნებისმიერ კლინიკაში.

ასევე, დავიწყეთ ყოველ 14 დღეში ერთხელ სამედიცინო პერსონალის ინტენსიური გამოკვლევები. პირველ ეტაპზე ესენი იქნებიან იმ კლინიკების, სადაც კოვიდიანების მკურნალობა მიდის და ცხელების კლინიკის პერსონალი: ექიმები, ექთნები, უმცროსი სამედიცინო პერსონალი და ადმინისტრაციული პერსონალი. ამის შემდეგ ტესტირებას ჩვენ ჩავუტარებთ კარანტინში მყოფ ადამიანებს მე-13 და მე-14 დღეს მათი იქ ყოფნის, ანუ კარანტინიდან გამოსვლის წინა დღეებში.  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ყველა ექიმი, ექთანი, მძღოლი და ა.შ. ასევე, ექვემდებარება ყოველ 14 დღეში ერთხელ გამოკვლევს.  ჩვენი ყველა ეპიდემიოლოგიური ჯანდაცვის მუშაკი, ვინც დადის და სინჯებს იღებს, ასევე, აუცილებელია მათი ყოველ 14 დღეში გატესტვა და ასე თანდათან ვაფართოვებთ.  საუბარი გვაქვს ტრაილერების მძღოლებზე, რომლებიც საქართველოში შემოდიან და შემოაქვთ ტვირთი.

რაც შეეხება ჟურნალისტებს – ისინი არ არიან ძალიან მაღალი რისკის მატარებლები, როგორიც, მაგალითად, მე, რომელსაც ყოველდღიური კონტაქტი მაქვს ინფიცირებულ ადამიანებთან, მაგრამ თუ რომელიმე ჟურნალისტს რაიმე სიმპტომი გაუჩნდა, აუცილებელია, რომ მიმართონ ცხელების კლინიკას ან პირველადი ჯანდაცვის ექიმს და თუ საჭირო იქნება ჩაუტარდებათ ტესტირება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჟურნალისტები გათვალისწინებული იქნებიან, ოღონდ – უფრო მომდევნო ეტაპებზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები