ზაურ დარგალი: მუნიციპალიტეტიდან 700 ტონამდე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტია გატანილი
დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენი მუნიციპალიტეტიდან 700 ტონამდე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტია გატანილი, – ამის შესახებ მარნეულის მერმა , ზაურ დარგალმა განაცხადა .
მისი თქმით, ცენტრალურ ხელისუფლებასა და სახელმწიფო რწმუნებულის აპარატთან ერთად, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, რათა ყველა პრობლემაზე, რაც მოსახლეობას აწუხებს, სწრაფი რეაგირება მოხდეს.
“მინდა, მოკლე ანგარიში წარმოგიდგინოთ იმ აქტივობების შესახებ, რომელიც მარნეულში ბოლო დღეებში ჩატარდა და ასევე, იმ სიახლეების შესახებ, რომელიც განხორციელდა. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი საკითხი იყო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მუნიციპალიტეტიდან გატანა. მოგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ცენტრალური შტაბის და სახელმწიფო რწმუნებულის ჩართულობით , ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა. დღევანდელი მდგომარეობით, 700 ტონამდე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტია გატანილი ჩვენი მუნიციპალიტეტიდან. ჩვენთვის ბოლო დღეების გამოწვევა იყო კიტრის რეალიზაციის პრობლემა. ჩვენი მხრიდან მოხდა სწრაფი რეაგირება და მოსახლეობამ დაინახა, თუ როგორ მოხდა აღნიშნული პრობლემის მოგვარება ” , – განაცხადა მარნეულის მერმა.
ზაურ დარგალმა მარნეულში აგრარული ბაზრის გახსნასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაცულია ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დააწესა.
“27 აპრილიდან გაიხსნა მარნეულის აგრარული ბაზარი. დაცულია ყველა ის რეკომენდაცია, რაც გაცემულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან. ადგილზე არიან მობილიზებული თვითმმართველობის ორგანოს სამსახურები, მანქანებს უტარდება დეზინფექცია. ბაზარში მისულ მოქალაქეებს ურიგდებათ სადეზინფექციო ხსნარები და პირბადეები. რაც შეეხება შიდა პერიმეტრს, კონტროლდება, რათა ყველა რეკომენდაცია იქნას დაცული. მინდა, მადლობა გადავუხადო ცენტრალურ მთავრობას , ცენტრალურ შტაბს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები ამ მიმართულებით” , – განაცხადა ზაურ დარგალმა .