სამტრედიაში აგრარული ბაზარი არსებული რეკომენდაციების სრული დაცვით გაიხსნა
სამტრედიაში აგრარული ბაზარი გაიხსნა. როგორც “რეგიონულ კვირას” სამტრედიის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მთელი დღის განმავლობაში მოქალაქეთა თერმოსკრინინგი მიმდინარეობდა. ასევე, ბაზრის ადმინისტრაცია მომხმარებლებს მოუწოდებდა, დაეცვათ სოციალური დისტანცია.
მათივე ცნობით, აგრარულ ბაზარში არსებულ ვითარებას დილიდან მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.
“სისტემატურად კონტროლდება ის რეკომენდაციები, რასაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასცემს. ბაზარში მოქალაქეები იცავენ სოციალურ დისტანციას, ტარდება თერმოსკრინინგი. მერიის შესაბამისი სამსახურები ყოველდღიურად შეამოწმებენ აღნიშნულ პროცესსა და ბაზრის მუშაობას“, – განაცხადა ვალერი ფოცხვერიამ.
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების ფარგლებში, 27 აპრილიდან საქართველოში ღია ტიპის აგრარული ბაზრებს სამუშაოს განახლების უფლება მიეცათ. თუმცა მათი ოპერირებისთვის სავალდებულოა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა.