ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის და მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებლად რეგისტრაცია 30 აპრილს სრულდება
“ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის და მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებლად რეგისტრაცია 30 აპრილს სრულდება”,- ამის შესახებ ინფორმაციას „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, აპლიკანტებმა, რომელთაც გამოცდაზე სპეციალური პირობები სჭირდებათ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ფორმა №100 1 ივნისის 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ.
„2020 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეიცვალა ფორმა №100 – ის შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარდგენის ვადა. თუ აპლიკანტს გამოცდაზე ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა და მან რეგისტრაციისას მონიშნა ან მონიშნავს შესაბამის გრაფას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა ცენტრში 30 აპრილის 18:00 საათის ნაცვლად, 1 ივნისის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინოს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს საგამოცდო პროცესის უსაფრთხოდ ჩატარების გეგმაზე და კოორდინაციაშია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან. ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობება საზოგადოებას და გამოქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.naec.ge შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ღია კარის დღეების ონლაინ რეჟიმში გამართვას აგრძელებს და აბიტურიენტებს ყველა კითხვაზე პასუხის მიღება ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ყოველ ოთხშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეუძლიათ. ასევე 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.