ირაკლი ბერაია: ჩვენი პარტნიორები მაღალ შეფასებას აძლევენ და სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ კოვიდ 19-ის საპასუხოდ გატარებულ ღონისძიებებს

“ჩვენი პარტნიორები მაღალ შეფასებას აძლევენ და სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ კოვიდ 19-ის საპასუხოდ გატარებულ ღონისძიებებს”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

მან დღეს საქართველოში საფრანგეთის ელჩთან, დიეგო კოლასა და გერმანიის ელჩთან, ჰუბერტ კნირშთან ონლაინშეხვედრები გამართა.

შეხვედრაზე ქვეყნებში პანდემიის შედეგად შექმნილ მდგომარეობასა  და მის საპასუხოდ გადადგმულ ნაბიჯებზე, ჩვენი მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმასა და შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ნაბიჯებზე ისაუბრეს.

„გერმანია და საფრანგეთი არიან ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორები სხვადასხვა სფეროში და ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებიც არიან იმ ერთობლივი წერილის ხელმომწერები, რომელიც ჩვენმა პარტნიორებმა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებმა გამოუგზავნეს საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალს, რომელშიც საუბარია ჩვენი ქვეყნის ფინანსური მხარდაჭერის ზომებზე”.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო პარტნიორების მიერ საქართველოსთვის მილიარდობით ფინანსური დახმარების მობილიზებაზე, რაც შესაძლებელი გახდა საქართველოს მთავრობის აქტიური ძალისხმევისა და ჩვენი მეგობრების მხარდაჭერის შედეგად.

როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების განხილვას, უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. ისაუბრეს რუსეთის უკანონო ქმედებებზე, მათ შორის, უკანონო შეზღუდვების გამკაცრებაზე, წვრთნებზე, ბორდერიზაციაზე, დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე, რომელსაც საოკუპაციო ძალა გლობალური მასშტაბის გამოწვევის პირობებშიც აგრძელებს.

ირაკლი ბერაიამ ელჩებს განუცხადა, რომ ხელისუფლების პოზიცია ამ კუთხით მკაფიოა, ოკუპანტ სახელმწიფოზე უნდა გაიზარდოს ზეწოლა ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებისა და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით.

ელჩებთან საუბრისას განიხილეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო მასშტაბის მოვლენები, მათ შორის, ნატო-ს 2 აპრილის მინისტერიალი, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა და სადაც მიღებული იყო გადაწყვეტილება შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს მხარდაჭერის ახალი ზომების შესახებ; ნატო-ს სამხედრო ხომალდების ვიზიტი საქართველოში და ერთობლივი წვრთნები, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში “კონფლიქტი საქართველოში”, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს ინიციატივით გამართული მსჯელობა უკანონო ბორდერიზაციის შესახებ დაა სხვა საკითხები.

„ყოველივე ეს ადასტურებს იმას, რომ, მიუხედავად გლობალური მასშტაბის გამოწვევისა, საქართველოს საკითხი აქტუალურია და მაღალ დონეზე დგას ჩვენი პარტნიორების დღის წესრიგში. ჩვენ ყველა ვიმედოვნებთ, რომ ერთიანი ძალისხმევით მალე დავძლევთ გლობალურ პანდემიას და ჩვენი ქვეყნები და მოქალაქეები დაუბრუნდებიან ცხოვრებისა და საქმიანობის ჩვეულ რიტმს”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები