“პირველი მაისიდან 6 თვის განმავლობაში დაქირავებით დასაქმებულები, რომლებმაც შეინარჩუნეს სამუშაო ადგილი, მიიღებენ შეღავათს საშემოსავლო გადასახადში”

2020 წლის პირველი მაისიდან 6 თვის განმავლობაში დაქირავებით დასაქმებულები, რომლებმაც შეინარჩუნეს სამუშაო ადგილი, მიიღებენ შეღავათს საშემოსავლო გადასახადში”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული კომპენსაციებისა და საგადასახადო შეღავათების შესახებ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

2020 წლის პირველი მაისიდან 6 თვის განმავლობაში თვეში 750 ლარის ხელფასზე საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდებიან ის ფიზიკური პირები, რომლებიც დაქირავებით არიან დასაქმებულები და ამ 6 თვიან პერიოდში მათი ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს თვეში.

აღნიშნული შეღავათის მიზანია, დამსაქმებლებს შეუმცირდეთ ყოველთვიური ხარჯი და ჰქონდეთ შესაძლებლობა, მაქსიმალურად მეტი სამუშაო ადგილი შეინარჩუნონ და დაქირავებულ პირებს აუნაზღაურონ მათი ხელფასები.

დამსაქმებელი მოიცავს ყველა ტიპის ორგანიზაციას, მათ შორის, კომპანიებს, საწარმოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე, მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომლებსაც დაქირავებული ჰყავთ ფიზიკური პირები, მათი შესრულებული სამუშაოების შესაბამისად უხდიან ხელფასს და, ამავდროულად, იხდიან საშემოსავლო გადასახადს.

დამქირავებელი 2020 წლის მაისი-ოქტომბრის პერიოდში გადახდილ ხელფასზე საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებას მოახდენს ახალი საგადასახადო შეღავათის გათვალისწინებით, რომლის დეკლარირება მოხდება ხელფასის გაცემის თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.

აღსანიშნავია, რომ დაქირავებით მომუშავე პირი, პარალელურად, ისარგებლებს საშემოსავლო გადასახადში აქამდე არსებული ყველა სხვა შეღავათითაც.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები