გიორგი ხოჯევანიშვილი: დღეიდან სოფელ ხიდისყურზე მკაცრი კონტროლი მოიხსნება
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში დაწესებული მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა, თუმცა ძალაში რჩება საგანგებო რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვები. ამის შესახებ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა. გამკაცრებული საკარანტინო რეჟიმის პირობებში მოსახლეობას როგორც სოფლიდან გამოსვლა, ასევე გადაადგილება ეკრძალებოდათ, ადგილობრივებს სახლიდან გასვლის უფლება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჰქონდათ. ახალი გადაწყვეტილების თანახმად, სოფლის შესასვლელთან არსებული სპეციალური გამშვები პუნქტებიც გაუქმდება.
„ეპიდემიოლოგების რჩევითა და მათთან შეთანხმებული პოზიციის გათვალისწინებით, მივმართეთ ცენტალურ საკორდინაციო საბჭოს და საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება არის შემდეგი, რომ დღეიდან მოიხსნება მკაცრი კონტროლი სოფელ ხიდისყურზე, შესაბამისად, სოფლის მოსახლეობას საშუალება ექნება, გამოვიდეს სოფლიდან. ბუნებრივია, მათ უნდა დაიცვან ყველა ის წესი, რაც ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე ვრცელდება”, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის დაწესების გადაწყვეტილება პრემიერმინისტრის ხელმძღვანლობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 13 აპრილის სხდომაზე მიიღო. გადაწყვეტილება
მას შემდეგ იქნა მიღებული, როდესაც ხიდისყურში მცხოვრებ ორ ადგილობრივის კოვიდ 19 დაუდასტურდა.