დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას მონიტორინგი აქტიურად მიმდინარეობს – გავრცელების არეალი ერთეულ შემთხვევებში ფიქსირდება
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სამეგრელოს, იმერეთის, გურიის, რაჭის რეგიონებსა და აჭარაში მავნებლის მონიტორინგი აქტიურად მიმდინარეობს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის შემუშავებული რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, მუნიციპალიტეტების სოფლებში განთავსებულ მონიტორინგის სისტემებს ამოწმებენ და არსებულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან.
სპეციალისტების ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, ფაროსანას გავრცელების არეალი ერთეულ შემთხვევებში ფიქსირდება. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაწყების ვადა და დასამუშავებელი ტერიტორიების არეალი, მონიტორინგის შედეგების საფუძველზე განისაზღვრება.
პირველი ეტაპისათვის, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში 2520 მონიტორინგის სისტემაა განთავსებული.
ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი ფერმერებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან კოორდინებულ მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს.
ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ SMSრეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.parosana.ge