ირაკლი კოვზანაძე: ანტიკრიზისული პროგრამა ითვალისწინებს მდგომარეობის შემსუბუქებას იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც ვირუსის გამო პრობლემა შეექმნა

“ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ბიუჯეტში დანაკლისებია, განსაკუთრებით, საგადასახადო ნაწილში. წლის ბოლომდე შემოსავლების მნიშვნელოვანი კლება იქნება. ეს უკვე აპრილში ჩანს, მაისში კიდევ უფრო რთული მდგომარეობა გვექნება. დანაკლისი დაახლოებით, 2-2, 5 მლრდ ლარამდე გვექნება”, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში.
მისი თქმით, 2020 წლის განმავლობაში ქვეყანას მოუწევს მკაცრი ეკონომიკის პირობებში ცხოვრება.
„ვიცით, რომ ჩვენ 1,5 მლრდ დოლარი მივიღებთ საჯარო ნაწილისთვის, რაც ბიუჯეტისა და ცენტრალური ბანკის რეზერვებისკენ მიიმართება, მეორე  1, 5 მლრდ დოლარი არის კორპორატიული სექტორისთვის. ამ თანხებმა საშუალება მოგვცა, რომ დავაბალანსოთ  ბიუჯეტში არსებული დანაკლისები და ჩამოგვეყალიბებინა ეს პროგრამა, რომლის პრეზენტაციაც დღეს მოხდა”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
მისი თქმით, ის, რომ ორი ფრონტოფისი – ფინანსთა სამინისტრო და ცენტრალური ბანკი კრიზისს მომზადებული დახვდა, ეს შედეგია სწორი საზედამხედველო და მაკროეკონომიკური პოლიტიკის. მისივე შეფასებით,  ინსტიტუციურად პარლამენტმა და  მთავრობამ ერთად სწორად იმუშავა.
„ყველა კომპონენტი, განსაკუთრებით, კაპიტალის ბუფერები კომერციული ბანკისათვის, ლიკვიდურობის კოეფიციენტები და გადახდისუნარიანობა დღეს არის ისეთი, როგორიც გვჭირდება, მაგრამ ლიკვიდურობა არის მთავარი ფაქტორი, რომელიც ყოველდღიურ კონტროლს საჭიროებს და ამ პროგრამაში არის დამატებით 600 მილიონიანი კომპონენტი კომერციული ბანკებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია”, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
მისი თქმით, ანტიკრიზისული პროგრამა ითვალისწინებს მდგომარეობის შემსუბუქებას იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც ვირუსის გამო პრობლემა შეექმნა და ის ჩვენი მოსახლეობის საკმაოდ ფართო ფენებს მოიცავს, ასევე კომპანიებისთვის, რომლებიც სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებენ. მისივე ინფორმაციით, პროგრამაში ასევე  არის რამდენიმე პუნქტი სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით და გარკვეული საგარანტიო მექანიზმები. „დღეს ეკონომიკა არის კონსერვაციის პირობებში. ჩვენ დაგვჭირდება საკმაოდ მნიშვნელოვანი პაკეტის მომზადება, თუ როგორ უნდა მოხდეს ეკონომიკის რეაბილიტაცია და, აქედან გამომდინარე, როგორი იქნება წახალისების მექანიზმები”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. მისი თქმით, ბიზნესის მხარდაჭერისთვის ისევ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დახმარება იქნება საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები