რუხის საავადმყოფოში მოთავსებული ორი პაციენტის ანალიზის პასუხი უახლოეს საათებში გახდება ცნობილი
რუხის საავადმყოფოში არსებულ ე.წ ცხელების ცენტრში ცხელების სიმპტომებით გუშინ ორი პაციენტი მოათავსეს, მათ შორის ერთ-ერთი მცირეწლოვანია, – ამის შესახებ, რუხის საავადმყოფოში ვიზიტისას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.
გუბერნატორის განმარტებით, აღნიშნული პაციენტები ერთი ოჯახის წევრები არ არიან, მათი ანალიზები შემდგომი კვლევისათვის ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გაგზავნილია და პასუხები უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.
ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის საავადმყოფოს პროფილი ცხელებით დაავადებული პაციენტების მიღება და გადამოწმებაა.
მისივე განმარტებით, კლინიკა დაკომპლექტებული არის პროფესიონალთა გუნდით.
“დღეს ჩვენ წელში უფრო გამართულნი ვართ იმ მხრივ, რომ თუკი გვექნება გავრცელების უფრო მეტი შემთხვევა, ჩვენ შეგვიძლია, მივიღოთ და ვუმკურნალოთ პაციენტებს როგორც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, ასევე – რუხის საავადმყოფოში, რომელსაც გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს. კლინიკას ამ ეტაპზე 78 ადამიანის მიღება შეუძლია”, – განმარტა მოწერელიამ.
მას შემდეგ, რაც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ19-ით ინფიცირებული ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.