“საქართველომ არსებული კრიზისის პირობებში მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების მობილიზება შეძლო”
“საქართველომ არსებული კრიზისის პირობებში შეძლო მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების მობილიზება, მათ შორის, საჯარო სექტორისთვის მილიარდ ნახევარი დოლარი, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ იმ დანაკლისების დაბალანსებისათვის, რომელსაც ჩვენ ბიუჯეტში ვღებულობთ ახლა და, ასევე, ეროვნული ბანკის რეზერვებისათვის”, – განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენის შემდეგ.
„პირველი მილიარდნახევარი გვაძლევს ჩვენ საშუალებას, რომ წარმოგვედგინა ეს მნიშვნელოვანი სოციალური დახმარებების პაკეტი, რომლის პრეზენტაციაც მოხდა და ეხება მოსახლეობის ფართო ფენებს. ეს არის სოციალური დახმარებების ის პაკეტი, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ გადაზღვეულ იქნეს გარკვეული სოციალური რისკები, რომლებიც ამ ვირუსის პირობებში ჩვენი თანამემამულეების წინაშე დგება. ეს პაკეტი არის მრავალმხრივი და, ასევე, ითვალისწინებს, რომ, გარდა კომუნალური დახმარებებისა, გარკვეული ფინანსური რესურსები მიიღონ ჩვენმა თანამემამულეებმა”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნა საფინანსო სექტორთან დაკავშირებული კომპონენტი, კერძოდ ის, რომ ამ პაკეტში არის ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი – 600 მილიონი ლარი დამატებით საბანკო სექტორის ლიკვიდურობის შენარჩუნებისათვის.
„დღეს არსებული კრიზისის პირობებში მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი, რომ შენარჩუნებულ იქნეს საბანკო, საფინანსო სექტორის მდგრადობა და ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი არის კაპიტალის ბუფერებთან ერთად, გადახდისუნარიანობა, ლიკვიდურობა და კაპიტალის ბუფერები, რომლებიც ყოველდღიური კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. ამ პროგრამაში ეს განსაკუთრებით ხაზგასმით არის აღსანიშნავი – 600 მილიონი დამატებით ლიკვიდურობის შენარჩუნებისათვის და ეს ნამდვილად საყურადღებოა. პროგრამა განსაკუთრებით არის დივერსიფიცირებული და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, სოციალური პაკეტი, რომელიც დღეს იქნა წარდგენილი”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.