ანგელა მერკელი: კარანტინის მოხსნის სტრატეგიის შესრულება ჩემთვის შეშფოთების საგანია, ნაწილობრივ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ზედმეტად სწრაფად კეთდება
ანგელა მერკელის მიერ გაჟღერებული გაფრთხილების თანახმად, გერმანია დგას კორონავირუსის გავრცელების შეკავებაში ბოლოდროინდელი მიღწევების გაქარწყლების რისკის წინაშე. მერკელმა მკაცრად გააკრიტიკა რეგიონების ლიდერები და პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ კარანტინის შეზღუდვებიდან თავის დაღწევას და ამ მიზნით მოვლენებს წინ უსწრებენ.
ამ კვირის განმავლობაში გერმანიაში ხელახლა გაიხსნა უფრო მცირე, არაარსებითი მნიშვნელობის მაღაზიების ნაწილი მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ დაიწყო ერთი თვის წინ დაწესებული ფიზიკური დისტანცირების ზომების შემსუბუქება.
ქვეყნის დეცენტრალიზებულმა პოლიტიკურმა სისტემამ მისცა ზოგიერთ ფედერაციულ მხარეს (სულ 16 მხარე) შესაძლებლობა, შემოეღო განსაკუთრებული გამონაკლისები ადგილობრივი ბიზნესებისთვის – მაგალითად, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში უკვე ნებადართულია უფრო მსხვილი ავეჯის მაღაზიების გახსნა.
„კარანტინის მოხსნის სტრატეგიის განხორციელება ჩემთვის შეშფოთების საგანია, – განაცხადა მერკელმა ხუთშაბათს ბუნდესტაგში გამოსვლის დროს, – ნაწილობრივ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს სწრაფად, შეიძლება ითქვას, ზედმეტად სწრაფად კეთდება. ამის მოსმენა არავის სიამოვნებს, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ვიმყოფებით პანდემიის არა დასკვნით ფაზაში, არამედ – საწყის ეტაპზე. ჩვენ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში მოგვიწევს მასთან თანაარსებობა”, – დაამატა გერმანიის კანცლერმა.
მერკელის თანახმად, პანდემია წარმოადგენს დემოკრატიაზე თავსმოხვეულ შეზღუდვას, რადგან ის ზღუდავს სწორედ იმას, რაც განსაზღვრავს ჩვენს საარსებო უფლებებსა და საჭიროებებს. მიუხედავად ამისა, მერკელის თქმით, დისტანცირების ზომების გაგრძელება აუცილებლობას წარმოადგენდა.
კანცლერის მიერ კრიზისის მართვამ საერთაშორისო მოწონება დაიმსახურა, თუმცა თავად გერმანიაში, ასევე, გაჟღერდა კრიტიკა, როცა ლიბერალმა პოლიტიკოსებმა დაადანაშაულეს თავიანთი კონსერვატიული კოლეგები უფრო მეტი აღმასრულებელი ფუნქციის მორგებაში, ვიდრე – ეს გათვალისწინებულია ქვეყნის კონსტიტუციით.