ირაკლი კობახიძე: ბოკერიამ აღიარა, რომ მარნეულის აქცია მათი დაორგანიზებულია, ნუ ეთამაშებიან ცეცხლს
„ბატონმა გიგა ბოკერიამ აღიარა, რომ მათი დაორგანიზებულია მარნეულის აქცია, თუმცა, ამას დამატებითი აღიარება არ სჭირდებოდა – ბატონი იმამყულიევი და ბატონი სულეიმანოვი აქტიურად მონაწილეობენ ამ აქციაში, როგორც ლიდერები”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
დეპუტატი მარნეულში მიმდინარე აქციას გამოეხმაურა და ოპონენტებს მიმართა.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, ნუ ეთამაშებიან ცეცხლს და ნაცვლად აქ ზოგადი მოწოდებებისა, რაც გავიგეთ ბატონი ბოკერიასგან, ჯობს, აიღონ ტელეფონი, დარეკონ იმამყულიევსა და სულეიმანოვთან და დააბრუნებინონ ის ხალხი სახლში, რომელიც მათ გამოიყვანეს ამ აქციისთვის. ეს იქნებოდა მათი მხრიდან სწორი ნაბიჯი. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ ეთამაშებით ცეცხლს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში მოსახლეობამ საავტომობილო გზა გადაკეტა. ადგილობრივები ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არსებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზების უფლება მიიღონ. აქციის მონაწილეებთან სასაუბროდ ადგილზე უკვე იმყოფებიან მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი და სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში, შოთა რეხვიაშვილი.