ირაკლი ჩიქოვანი: 144-ზე გუშინ 260 ათასზე მეტი ზარი შევიდა, ამ მიზეზით იყო გამოწვეული შეფერხებები
“გუშინდელი დღის განმავლობაში 260 ათასზე მეტი ზარი შევიდა ამ ერთ ნომერზე და, შესაბამისად, ზუსტად ამ მიზეზით იყო გამოწვეული ის შესაძლო შეფერხებები, რომელიც იყო დაკავშირებული ინფორმაციის მიღებასთან”, – ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მან საზოგადოებას შეფერხებისთვის ბოდიში მოუხადა.
“სახელმწიფო სამთავრობო ცხელი ხაზის – 144-ის ფუნქციონირება მნიშვნელოვანი ელემენტია. ჩვენ კარგად გვესმის, რომ რეგულაციის ამოქმედების პირველ ორ დღეს და ეს უკვე ტიპური გახდა, რომ პირველ 4 დღეს არის განსაკუთრებულად მაღალი აქტივობა და ჩვენ მზად ვართ, რომ გავუმკლავდეთ ამას.
კიდევ ერთხელ ყველას მინდა, ბოდიში მოვუხადო რაიმე ფორმის შეფერხებისათვის, მაგრამ ეს ხაზი აგრძელებს მუშაობას და ჩვენ მაქსიმალურად ჩვენს თანამოქალაქეებს მივაწვდით ინფორმაციას იმ შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს და იმ გამონაკლისებზე, რომლითაც მათ შეუძლიათ, ისარგებლონ. აქვე მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები 144-ზე ვერ იღებენ ინფორმაციას საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, ისინი მიმართავენ 112-ს. თქვენ იცით, რომ 112 ქვეყანაში მოქმედებს განსაკუთრებული შემთხვევებისათვის, ეს არის ის ცხელი ხაზი, რომელიც აუცილებელია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, მაშინ, როდესაც მათ სურთ დაკავშირება პოლიციასთან ან სურთ სასწრაფო გადაუდებელი დახმარება.
კიდევ ერთხელ მინდა უმორჩილესად გთხოვოთ ყველას, საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვებთან დაკავშირებით დაუკავშირდეთ მხოლოდ და მხოლოდ 144-ს, ხოლო 112 დავტოვოთ იმ აუცილებელი და სასწრაფო შემთხვევებისთვის, რომლისთვისაც ის ფუნქციონირებდა თავიდანვე იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა უყურადღებოდ დაგვრჩეს არცერთი შემთხვევა, რომელიც იქნება ყურადსაღები როგორც ჩვენი მედიკოსებისთვის, რომელსაც 112 ემსახურება და ასევე პოლიციელებისთვის და კიდევ ერთხელ მოგმართავთ უმორჩილესად, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში არსებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით გამოვიყენოთ ხაზი 144”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.