ფოთის ე.წ ცხელების ცენტრში ოზურგეთიდან ერთი ოჯახის ხუთი წევრი გადაიყვანეს

ფოთის ე.წ ცხელების ცენტრში ოზურგეთიდან ერთი ოჯახის ხუთი წევრი გადაიყვანეს- ყველა მათგანს მაღალი ტემპერატურა აღენიშნება. ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის განცხადებით, ხვალ დილით მათი ბიოლოგიური მასალა გამოსაკვლევად გადაიგზავნება.

“დღეს შემოვიდა ოზურგეთიდან ოჯახის ხუთი წევრი, ხუთივე მათგანი ცხელების დიაგნოზით არის. მათ შორის ერთი არასრულწლოვანი – 4 წლის ბავშვია, ორი ქალბატონი – 30 და 34 წლის, ხოლო ორი მამაკაცი 29 და 21 წლის. მათ აღენიშნებოდათ მწვავე რესპირატორული სიმპტომები, ცხელება. კლინიკაში გაეწიათ პირველადი სამედიცინო დახმარება, ჩაუტარდათ კვლევები. ხუთივე მათგანი ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება. ხვალ დილით ავუღებთ ბიოლოგიურ მასალას და გავაგზავნით გამოსაკვლევად. კორონავირუსზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, პაციენტებს გადავაგზავნით რომელიმე კოვიდკლინიკაში, თუ პასუხი უარყოფითი იქნება, გავწერთ ბინაზე, ან შესაბამის კლინიკაში, მათი მდგომარეობიდან გამომდინარე”, – განუცხადა “რეგიონულ კვირას” ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 408 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 97, ხოლო გარდაცვლილი 4 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები