პაატა ზაქარეიშვილი: რუსეთისგან გულწრფელ, თუნდაც ეკონომიკურ ან სოციალურ თანამშრომლობას არ ველოდები, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მახეა

“ავიამიმოსვლა კარგია, უვიზო რეჟიმიც თუ იქნება, ესეც კარგია, მაგრამ უნდა ვიყოთ ფრთხილები, ხაფანგს თუ გულწრფელ თანამშრომლობას გვთავაზობს რუსეთი”, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

ზაქარეიშვილი უახლოეს პერიოდში რუსეთისგან გულწრფელ, თუნდაც ეკონომიკურ ან სოციალურ თანამშრომლობას არ ელოდება.

„რუსეთს, ბუნებრივია, სჭირდება, აღადგინოს ეკონომიკური ურთიერთობები, ავიამიმოსვლა, მაგრამ უფრო იმის დემონსტრირება სურს, რომ „ჩვენ ასეთი კეთილები ვართ და საქართველოს ვთავაზობთ გარკვეულ გამოსავალს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა კრიზისში ვართ, ყველას პრობლემები გვაქვს“. რეალურად, რუსეთი ზრუნავს თავისი გეოპოლიტიკური ამოცანების შესრულებაზე, რასაც დიდი ხანია, აკეთებს დაწყებული 2008 წლიდან, შემდეგ უკრაინაში და ასე შემდეგ, ანუ რუსეთის ამოცანაა გარშემო შემოიკრიბოს ის ტერიტორიები, რომლებიც პოტენციურად ამის საშუალებას იძლევა. აქედან გამომდინარე, რუსეთი შანს არ უშვებს, ქართულ მოსახლეობაში შექმნას განცდა, რომ მასზე ფიქრობს. არჩევნებიც მოდის და მასში მონაწილეობის მიღებაში მიმართული განცხადებაა. ეს არის დამაფიქრებელი იმ ხალხისთვის, ვისაც აქვს რაღაც სიმპათიები და მოლოდინები რუსეთისგან. სხვა ფორმებიც იქნება, მაგრამ ეს არის ყველაზე ზედაპირული, კარგად გათვლილი განცხადება“, – აღნიშნა ზაქარეიშვილმა „კვირასთან“ საუბარში.

ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ ლავროვის განცხადებაზე მოზომილი უნდა იყოს, „უკეთეს შემთხვევაში თქვას, რომ იფიქრებს, ეს მხოლოდ სიტყვიერად, მაგრამ ქმედებით – არა. საქართველომ მკაფიოდ და ცალსახად გეზი ნატო-სკენ უნდა აიღოს. რბილები უნდა ვიყოთ განცხადებებსა და პრინციპულები მოქმედებებში“.

„უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მახეა, უნდა მივიღოთ ფრენების აღდგენა- ფრენების აღდგენად, საზღვრების გახსნა- საზღვრების გახსნით, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს პოლიტიკურ კონტექსტში, მით უმეტეს, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაში, რადგან ის მისაღებია მხოლოდ მას შემდეგ, რაც აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ისეთიდან გავა რუსული დიპლომატიური სამსახურები და ჯარები და რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს“, – აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

რუსეთის პირველმა დიპლომატმა დღეს განაცხადა, რომ იმედი აქვს, საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი უახლოეს პერიოდში მოგვარდება.

ასევე, ლავროვმა თქვა, რომ, საქართველოდან შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში, ახალი სავაჭრო წარმომადგენლობების გახსნას აუცილებლად განიხილავს, ასევე, აღნიშნა, რომ კრემლი მზად არის, დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები