გიორგი კეკელიძე: წიგნის ჩუქების დღის ფარგლებში, ერთგვარ სახალისო და შემეცნებით გამოწვევა-კონკურსს ვიწყებთ
ერთი წლის წინ 23 აპრილი, წიგნის საერთაშორისო დღე, წიგნის ჩუქების დღედ გამოცხადდა. იდეის ინიციატორები არიან: გიორგი კეკელიძე, ეროვნული ბიბლიოთეკა, მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ და „ანაგრამა“.
წელს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, ეს დღე განსხვავებულად აღინიშნება. აქციაში ჩართვის თითოეულ მსურველს თავის ფეისბუქგვერდზე შეუძლია მონიშნოს მეგობარი, დადოს სასაჩუქრედ გამზადებული წიგნის ფოტო სლოგანით: #აჩუქეწიგნი. წიგნი კი პანდემიის დასრულების შემდეგ გადაეცემა ადრესატს.
ამ იდეის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.
„მეგობრებო, წიგნის ჩუქების დღის ფარგლებში ვიწყებთ ერთგვარ, სახალისო და შემეცნებით გამოწვევა-კონკურსს -#გაგვაცანისაქართველო.
გადაუღეთ თქვენს ეზოს, აივანს, სოფელს, ქალაქს ფოტო, აღნიშნეთ გადაღების ადგილი და განათავსეთ აქვე კომენტარად.
23 აპრილს, შუაღამის 12 საათამდე, პირველი სამი საუკეთესო (მოწონებების რაოდენობით) მიიღებს „ბიბლუსის“ წიგნის ვაუჩერებს. მთავარი კი საქართველოს უკეთ გაცნობაა და გახსოვდეთ ისიც, რომ ოცდასამში, თქვენს გვერდზე უნდა დადოთ წიგნის გარეკანი, რომელსაც თქვენს მეგობარს აჩუქებთ ,,კორონას შემდეგ” – #აჩუქეწიგნი”, – წერს კეკელიძე.