ნორვეგიაში საბავშვო ბაღებმა მუშაობა განაახლეს – მთავრობის მტკიცებით, კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება კონტროლზეა
ნორვეგიაში დღეიდან მუშაობა საბავშვო ბაღებმა განაახლეს, რომლებიც, პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, ერთი თვის წინ დაიხურა. თუმცა, სააღმზრდელო პროცესი ჰიგიენური ნორმების დაცვით უნდა მიმდინარეობდეს.
კერძოდ, ბავშვებთან მუშაობა მხოლოდ პატარა ჯგუფებშია დასაშვები, მაგალითად, სამ წლამდე ბავშვები სამი ბავშვისგან შემდგარ ჯგუფში იქნებიან, ხოლო სამიდან ექვს წლამდე ბავშვები – 6 აღსაზრდელისგან შემდგარ ჯგუფებში.
მოსალოდნელია, რომ მიმდინარე კვირას, ასევე, მუშაობას სკოლების დამწყები კლასები დაიწყებენ.
თუმცა, მთავრობის გადაწყვეტილებას მშობლების უმრავლესობა ნაადრევ ზომად მიიჩნევს. უქმეებზე ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მშობლების 24%- ს ბაღში შვილების გაშვება არ სურს, ხოლო 13% საკითხში ჩამოყალიბებული არ არის.
ნორვეგიის მთავრობამ ორი კვირის წინ განაცხადა საკარანტინო ზომების ეტაპობრივი შესუსტების შესახებ, რადგან მიიჩნევს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება “კონტროლზეა აყვანილი”.
ამასთან, ივნისის შუა რიცხვებამდეა აკრძალული მასობრივი სპორტული და კულტურული ღონისძიებები, დაკეტილია ბარები, რესტორნები.
ნორვეგიაში, რომლის მოსახლეობა 5,4 მლნ ადამიანს შეადგენს, კორონავირუსით 7 ათასამდე პირია ინფიცირებული, ვირუსს 154 პაციენტი ემსხვერპლა.