ლევან რატიანი: სუნთქვის ასეთი უკმარისობა, რომელიც covid 19-ს აქვს, არასდროს მინახავს
“სუნთქვის ასეთი უკმარისობა, რომელიც ამ დაავადებას აქვს, არასდროს მინახავს”, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
რატიანის თქმით, მისი კლინიკის მედპერსონალმა იცის, როგორ უმკურნალოს დაავადებულს.
„მე 20 წელია, რაც რეანიმაციასთან შეხება მაქვს, თითქმის – ყოველდღიურად. ბევრი სიკვდილი გვინახავს, სამწუხაროდ და სუნთქვის ბევრი უკმარისობა, მაგრამ, აი, სუნთქვის ასეთი უკმარისობა, რომელიც ამ დაავადებას აქვს, არასდროს მინახავს.
პაციენტი ვერ იგებს, ცუდად რომაა, არც ძილში გეკონტაქტება, ლურჯდება თვალს და ხელს შუა. ჩემზე უფროსებიც არსებობენ იმ განყოფილებაში, არცერთს არ გვინახავს ასეთი სურათი. ასე ჩუმად იპარება ადამიანი, მაქსიმუმ, ერთ საათში.
ესაა ვირუსი, რომელიც იჭრება ორგანიზმში. შეიძლება, დააზიანოს ფილტვი, ტვინი, ღვიძლი, გული, ნაწლავი და ა.შ. ყველა სისტემა შეიძლება, ცალ-ცალკე დააზიანოს ან – ერთდროულად. ან გამოავლინოს დაავადება, ან არ გამოავლინოს.
„დავამუღამეთ“, როგორ არ გაგვეპაროს, როგორ ვუმკურნალოთ. რა ვნახეთ, იცით? მეხუთე, მეექვსე დღეს, ასეთი პაციენტები, რომლებსაც აქვთ ფილტვის დაზიანების სინდრომი, თუ გადალახეს ეს დღე და შემცირდა სუნთქვის უკმარისობა, უკვე ჯანმრთელდებიან“, – განაცხადა რატიანმა.