სამების საკათედრო ტაძრიდან წმინდა ცეცხლი თავდაცვის ძალების ბრიგადების ტაძრებსა და თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე ტაძარში მიაბრძანეს
“მაცხოვრის საფლავზე გადმოსული წმინდა ცეცხლი საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის წარმომადგენლებმა, სამების საკათედრო ტაძრიდან თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძარში მიიტანეს”,- ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
“სამხედრო პოლიციელებმა და კაპელანებმა იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა ცეცხლი მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტერიტორიაზე სამხედრო ბრიგადებში არსებულ ეკლესიებში მიაბრძანეს. საქართველოს მასშტაბით კი, სამხედროებმა წმინდა ცეცხლი რეგიონებში არსებული საკათედრო ტაძრებიდან წაიღეს.
თავდაცვის სამინისტროს მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძარში აღდგომის სადღესასწაულო ღვთისმსახურება თავდაცვის ძალების მთავარმა კაპელანმა, მამა დავით ლონდარიძემ აღავლინა. სააღდგომო წირვაზე კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია იყო დაცული. სადღესასწაულო ღვთისმსახურებას მხოლოდ სამინისტროს ტერიტორიაზე მყოფი სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ. მთავარმა კაპელანმა მათ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა.
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი თბილისის დროით 14:50 საათზე გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა. საქართველოში წმინდა ცეცხლის ჩამოტანა იმ სპეციალური რეისით მოხდა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით დღეს შესრულდა”,- ნათქვამია განცხადებაში.