ქართული პირბადეების მწარმოებელი კომპანიის დირექტორი – “ლუგარის ლაბორატორიიდან მივიღეთ ნებართვა, პირბადეები ყოველგვარ სტანდარტს აკმაყოფილებს”
“დღეში ერთ ხაზს შეეძლება, აწარმოოს 110 000 პირბადე, 20 აპრილს ველოდებით მეორე ხაზს, შესაბამისად, რაოდენობა გაორმაგდება და იქნება, დაახლოებით, 220 000-250 000 პირბადე დღე-ღამეში”, – ამის შესახებ ქართული პირბადეების მწარმოებელი კომპანია შპს “რესპირატორის” დირექტორმა, სერგო გალუსტიანმა განაცხადა.
სერგო გალუსტიანის თქმით, უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი სამედიცინო ნიღბები სერტიფიცირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.
„ეს პირბადე არის ყოველგვარი CE სერთიფიკატის და ევროსერთიფიკატით დაცული. აღნიშნული ბირბადის შესაქმნელად გამოიყენება ხუთი ინგრედიენტი და სამზე გავლილია სერთიფიცირება აშშ-ში. შესაბამისად, ის ნედლეული, რომელიც გამოიყენება ჩვენს პირბადეში, არის თანხვედრაში იმ სტანდარტებთან, რა სტანდარტებითაც უნდა დამზადდეს პირბადე. ლუგარის ლაბორატორიისაგან მივიღეთ ნებართვა, რომ პირბადეების მიწოდება-რეალიზაცია შეგვიძლია ქართულ ბაზარზე”, – განაცხადა შპს „რესპირატორის” დირექტორმა.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ქართულმა კომპანიამ სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყო. ადგილობრივი წარმოების პირველ 4 მლნ სამედიცინო პირბადეს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდი „ქართუ” შეიძენს და სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს.
წარმოების დაწყების პროცესს საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ფონდ „ქართუს” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.
კომპანია „რესპირატორი” დაარსა გუნდმა, რომელიც 2017 წლიდან სახელმწიფო პროგრამა – „აწარმოე საქართველოს” მხარდაჭერით განვითარდა და აქვს ახალი მიმართულება – ციფრული ბეჭდვა UV ტექნოლოგიით, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე უმაღლესი ხარისხის პირბადეებს აწარმოებს.