„მიჟე ნარი“ – სამი თაობის ანსამბლის ონლაინკონცერტი

16 აპრილს, 20:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრი „მიჟე ნარის“ – სამი თაობის ანსამბლის ონლაინკონცერტს სთავაზობს მსმენელს.
სვანური ტრადიციული მუსიკის საღამოს  2016 წელს კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩაიწერა.
„ჩანაწერი ეძღვნება ანსამბლის 20 და მისი ხელმძღვანელის – ჯუმბერ მუკბანიანის 85 წლის იუბილეს.
ჩოლურის თემის სოფელ ჭველფის უხუცესებს ჯუმბერ  მუკბანიანისათვის უთხოვიათ, შეექმნა ანსამბლი, რომელიც სვანურ სასიმღერო ტრადიციას შეინარჩუნებდა და აღადგენდა. ასეც მოხდა, 1996 წელს სვანეთში, ლენტეხში, ჩოლურის თემის 13-მდე სოფლის უხუცესების, ახალგაზრდობის ჩართულობითა და ჯუმბერ მუკბანიანის ხელმძღვანელობით, ანსამბლი სახელწოდებით ,,მიჟე ნარი“ – სვანურად მზის შუქი, მზის ნათელი დაარსდა
განსაკუთრებულია ,,მიჟე ნარის“ შემადგენლობა – დღეს ანსამბლი ჩოლურის თემის სხვადასხვა სოფლის 16 წარმომადგენლისაგან შედგება – უხუცესი 90 წლის ჯუმბერ მუკბანიანია, ყველაზე პატარა წევრი კი მისი შვილიშვილი – ანსამბლში სამი თაობა მღერის.
ანსამბლმა შემოინახა, აღადგინა და გადაარჩინა იშვიათი სვანური სასიმღერო ნიმუშები და ვარიანტები – ბეთქილი, მეჩი ყარა, მარმალ მიქელოდია, დავხედარი, სტუმარ-მასპინძლური (ოი ხიადულარ), ზარი (ჩოლურული ) ვარიანტი და სხვა.
ფოლკლორის ცენტრი ყოველკვირეულად გამორჩეულ საკონცერტო და საექსპედიციო ჩანაწერებს, ფილმებს, პროექტებს დისტანციურად წარმოგიდგენთ“, – აღნიშნულია ფოლკლორის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემდეგი აქტივობა – 20 აპრილი, ტრადიციულად 8 საათი.
ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი, საქართველო, ფილმი, 2019 წელი.
ფილმში ნახავთ ევროპული და ქართული ანსამბლების ერთობლივ კონცერტებს – შეკვეთილში – ,,ბლექ სი არენაზე”, რაჭაში – ონსა და ამბროლაურში.
კონცერტის ნახვა შესაძლებელია ფოლკლორის ცენტრის ფეისბუქგვერდზე:
https://www.facebook.com/folklore.center/?eid=ARBkNwgHx0Se0hSC33SU9Sfz6oUqbTc5VffB042EF6QcbCtYJJv6eOu9ZywoeFHS_Jt9dVnIIrFnl9ht

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები