“ჯორჯიან ეარვეისი” მზად არის, ბორტგამცილებლები საავადმყოფოებსა და საკარანტინო ზონებში პაციენტთა მოსავლელად, მოხალისეებად წარადგინოს

“ჯორჯიან ეარვეისი”, მსოფლიოში გავრცელებული ახალი კორონავირუსის გამო, მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ავიაკომპანიაში დასაქმებული ბორტგამცილებლები საავადმყოფოებსა და საკარანტინო ზონებში მოთავსებულ პაციენტთა მოსავლელად, ე.წ. მოხალისეებად წარადგინოს”, – ამის შესახებ ინფორმაციას ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” ავრცელებს.

“ამჟამად, „ჯორჯიან ეარვეისში“ 30 მაღალკვალიფიციური ბორტგამცილებელი ირიცხება, რომელსაც პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის სრული კურსი გავლილი აქვს და აქვს საჭირო პროფესიული მომზადება კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩენილი ადამიანებისთვის პირველადი დახმარების გაწევის საქმეში. ისინი დიდი ენთუზიაზმით არიან განწყობილნი და მზად არიან, როგორც მოხალისეებმა, დახმარების ხელი გაუწოდონ ქართველ ხალხსა და საქართველოს ხელისუფლებას.
იმ შემთხვევაში, თუკი სამედიცინო სფეროში ე.წ. მოხალისეების ნაკლებობა იქნება, ავიაკომპანიის თანამშრომლები მზად არიან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და მითითებები შეასრულონ და პანდემიასთან ბრძოლის ღონისძიებებში სრულად ჩაერთონ.
ამასთან, საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ინიციატივაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, ბორტგამცილებლების საშვებულებო ანაზღაურებას ავიაკომპანია სრულად უზრუნველყოფს.
მოგეხსენებათ, რომ Covid 19-ს პანდემიის გამო, ავიაკომპანიამ მიმდინარე წლის 15 მარტიდან ფრენები 95%-ით შეამცირა, 21 მარტიდან კი რეგულარული ფრენები მთლიანად შეწყვიტა. თუმცა, “ჯორჯიან ეარვეისმა“ გაითვალისწინა ის რთული გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას და ამჟამად იგი საქართველოს მთავრობის დავალებითა და მხარდაჭერით, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უცხოეთიდან დაბრუნების მიზნით, მხოლოდ ჩარტერულ რეისებს ასრულებს.

შექმნილი ვითარების გამო, ავიაკომპანია უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მისი მაღალკვალიფიციური კადრები კი დღეს დაუსაქმებელია.

“ჯორჯიან ეარვეისის“ გადაწყვეტილებით, მათი დიდი ნაწილი ამჟამად ფასიან შვებულებაში იმყოფება, თუმცა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, იგეგმება საშვებულებო ანაზღაურების შემდეგ თვეშიც გაცემა.
“ჯორჯიან ეარვეისი” მაქსიმალურად ცდილობს, ერთი მხრივ, შეინარჩუნოს პროფესიონალთა გუნდი და, მეორე მხრივ, მხარდაჭერა გამოუცხადოს სახელმწიფოს იმ რთულ ვითარებაში, რომლის წინაშეც ის ამჟამად იმყოფება.
ავიაკომპანია იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყანა covid-19-თან გამკლავებას უმოკლეს პერიოდში შეძლებს”, – აღნიშნულია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები