დავით ჩიხელიძე: ექიმებთან ერთად, თავდაცვის ძალები და შსს ეფექტიანად და კოორდინებულად მუშაობენ

„ხაზგასასმელია, რომ ფრონტის წინა ხაზზე, ექიმებთან ერთად, სწორედ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები დგანან, რომლებიც ამ ბრძოლას თავს ღირსეულად ართმევენ”, – ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი, დავით ჩიხელიძე აცხადებს.

ჩიხელიძის აზრით, ფასდაუდებელია ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების შრომა, ოპერატიულობა და პროფესიონალიზმი.

„საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „პოსტ ტვ”-ის გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში” ისაუბრა როგორც ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, ისე –  თავდაცვის უწყებაში მიმდინარე პროცესებზე. როგორც მოგეხსენებათ, ორგანიზაცია –  „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი” თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის მონიტორინგს ახორციელებს.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, მაქვს უფლება და ვალდებულება, რამდენიმე სიტყვით შევეხო თავდაცვის მინისტრის გამოსვლას. პანდემიასთან ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უმთავრესი გამოწვევაა უხილავ მტერთან ბრძოლაში. ფასდაუდებელია ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების შრომა, ოპერატიულობა და პროფესიონალიზმი. ხაზგასასმელია, რომ ფრონტის წინა ხაზზე, ექიმებთან ერთად, სწორედ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები დგანან, რომლებიც ამ ბრძოლას თავს ღირსეულად ართმევენ. თავდაცვის ძალები და შინაგან საქმეთა სამინისტრო ეფექტურად და კოორდინებულად მუშაობენ. თავდაცვის ძალებმა მყისიერად მოაწყო ბლოკპოსტები თავდაპირველად მარნეულსა და ბოლნისთან, ხოლო შემდგომში საჭიროებისამებრ სხვადასხვა რაიონში.

მინისტრისა და უწყების ეფექტიან მუშაობას ადასტურებს ციფრები, რომლებიც ნამდვილად შთამბეჭდავია. თავდაცვის ძალები ქვეყნის მასშტაბით 63 გამშვებ პუნქტს აკონტროლებს. 22 მარტის შემდეგ, 250 ათასზე მეტი სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია და 650 ათასამდე ადამიანის თერმოსკრინინგი ჩაატარეს”, – აღნიშნავს ჩიხელიძე.

„დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროექტებზეც საუბრობს და ამბობს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჯარში მსგავსი მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები არ განხორციელებულა.

„აქვე მსურს, რამდენიმე სიტყვით თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ცვლილებებს/პროექტებს შევეხო, რომელიც სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს დაიწყო. მისასალმებელია, რომ უმოკლეს დროში მოხდა კვების რაციონის მოწესრიგება და გამრავალფეროვნება, ჯარისკაცისთვის ჯანსაღი კვება აუცილებელია, გარდა ამისა, სწრაფი ტემპით მიმდინარეობს არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი (ყველა რეგიონში ყაზარმების მოწესრიგება/აშენება, ახალი სამხედრო ქალაქის მშენებლობა, გაუმჯობესებული სადაზღვევო პაკეტი და ა.შ.). გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ჯარში მსგავსი მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები არ განხორციელებულა.

რაც მთავარია, ეს პროექტები არ არის მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი, მკვდრადშობილი ნახაზები, ისინი რეალურად ხორციელდება, რისი უშუალო თვითმხილველიც ვარ”, – აცხადებს ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები