ქუთაისის ცხელების ცენტრში ცხრა პაციენტის ანალიზის პასხებიდან კორონავირუსი ერთს დაუდასტურდა. ცენტრის დირექტორის არჩილ მუკბანიანის განმარტებით, დაინფიცირებულმა კლინიკას თვითდინებით მიმართა. ამჟამად მამაკაცი ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
“ცხრა პაციენტის ანალიზიდან ერთი აღმოჩნდა დადებითი. ეს არის ახალგაზრდა მამაკაცი და გადაყვანილია ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში. დღესაც ველოდებოთ რამდენიმე ანალიზის პასუხს”, – აღნიშნა არჩილ მუკბანიანმა.
მისივე თქმით, ყოველდღიურად ცენტრში ოცამდე ადამიანი მიდის გამოსაკვლევად.
შეგახსენებთ ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში ამ დროისთვის Covid19-ის დიაგნოზით 17 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის არიან ლენტეხიდან, ბათუმიდან და სვანეთიდან გადაყვანილი პაციენტები.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ინფექციურ საავადმყოფოში დღეს მიღებული პასუხებიდან ერთ-ერთი პაციენტის საკონტროლო ტესტზე უარყოფითი იყო და ის კლინიკას მალე დატოვებს.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 233 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 54, გარდაცვლილი 3, კარანტინში იმყოფება 4856 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში 370 პირი რჩება.