სესიაშვილი: გვაქვს სრული მზადყოფნა, ჩავეტიოთ ვადებში, საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს და ოქტომბერში არჩევნები ჩატარდეს
“გვაქვს სრული მზადყოფნა, რომ ჩავეტიოთ შესაბამის ვადებში, საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს და ოქტომბერში არჩევნები ჩატარდეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.
დეპუტატის თქმით, სახელისუფლებო გუნდი მზადყოფნაშია, საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით პოლიტიკური დანაპირები შეასრულოს.
„ჩვენი პრინციპული პოზიციია, რომ პოლიტიკური დანაპირები უნდა შესრულდეს და შესრულდება კიდეც. ერთადერთი საუბარი არის იმაზე, სად გაიხსნება ფანჯარა, რომ ეს ვალდებულებები შევასრულოთ. ჩვენ გვაქვს იმის მოლოდინი და განცდა, რომ დღის წესრიგს არ ავცდებით. ჩვენ გვინდა, რომ დროულად მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელება და დროულად გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან. გვაქვს სრული მზადყოფნა, რომ ჩავეტიოთ შესაბამის ვადებში, საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს და ოქტომბერში არჩევნები ჩატარდეს. დანარჩენი დამოკიდებულია საგანგებო მდგომარეობის ვადებზე. თუმცა იმედი გვაქვს, რომ დროულად გამოვალთ ამ ვითარებიდან”, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
მისივე თქმით, ახლა ერმაც და ბერმაც ერთიანობა უნდა ვაჩვენოთ.
„დღეს ის პერიოდი გვაქვს, როცა ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ყველა სიტყვა ავწონ-დავწონოთ და ვიფიქროთ იმაზე, რომ მთელი მსოფლიო სტრესულ ვითარებაში ცხოვრობს. თითოეულს გვიწევს არაორდინალურ სიტუაციაში მუშაობაც და ცხოვრებაც. ამიტომ გთხოვთ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. იქ, სადაც ვინმეს რაიმე შეიძლება არ მოგვეწონოს და კრიტიკის საფუძველი არსებობდეს, უნდა შევეცადოთ, რომ ან გვერდი ავუქციოთ, ან კრიტიკა იყოს კონსტრუქციული. ეს გვჭირდება ისევ და ისევ იმ სტრატეგიული კომუნიკაციის პირობებში, სადაც ერმაც, ბერმაც უნდა ვაჩვენოთ ერთიანობა”, – განაცხადა სესიაშვილმა.