არჩილ ჯაფარიძე: მივიღეთ გადაწყვეტილება ლენტეხსა და ცაგერში ზომების გამკაცრების თაობაზე

ლენტეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პირველი ფაქტის დაფიქსირების გამო, ცაგერის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკოორდინაციო შტაბის საგანგებო სხდომა გაიმართა.

რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, იმ სოფლებში, სადაც კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკია, მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყება. მისივე თქმით, ლენტეხსა და ცაგერში ე.წ. ბლოკპოსტები განთავსდება.

როგორც მხარის რწმუნებულმა “რეგიონულ კვირას” განუცხადა, მას შემდეგ, რაც  რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა გახდა ცნობილი, მყისიერი მოქმედებები იქნა დაწყებული.

“დღევანდელი საგანგებო სხდომა ეფექტური პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით მოვიწვიეთ, განვიხილეთ შესაძლო რისკები. ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება ზომების გამკაცრების თაობაზე ორ მუნიციპალიტეტში-ცაგერსა და ლენტეხში. ზომები გამკაცრდება, ოღონდ გადაადგილება არ შეიზღუდება. მოეწყობა ე.წ. გამშვები პუნქტები, სადაც მოხდება მოქალაქეთა თერმოსკრინინგი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, ლენტეხში, სოფელ მელეში, სადაც დაინფიცირებულს ჰქონდა შეხება, ექიმების შემოვლითი  მონიტორინგი აქტიურად ხორციელდება, კონტაქტები თითქმის დადგენილია და ამ კუთხით მუშაობა გრძელდება.

“რამდენიმე საათში ბლოკპოსტების განსათავსებელ ადგილებზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რათა სრულად ვაკონტროლოთ მოსახლეობის გადაადგილება. გარდა თერმოსკრინინგისა, უბნებზე ექიმების შემოვლები კვლავ გაგრძელდება. რაც შეეხება დაინფიცირებული მამაკაცის ოჯახის წევრებს – ისინი სრულ იზოლაციაში და მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან“, – განაცხადა მხარის რწმუნებულმა.

ცნობისთვის, ლენტეხში კორონავირუსისი პირველი შემთხვევა გუშინ დადასტურდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები