9 აპრილს გარდაცვლილი შალვა ქვასროლიაშვილის საფლავი სოფელ აკურაში გვირგვინით შეამკეს
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – გიგა ორკოდაშვილმა და წარმომადგენლობითი ორგანოს მაჟორიტარმა წევრმა – იოსებ პარწიკანაშვილმა 9 აპრილს გარდაცვლილი შალვა ქვასროლიაშვილის საფლავი სოფელ აკურაში გვირგვინით შეამკეს.
როგორც გიგა ორკოდაშვილმა აღნიშნა, 31 წლის წინ დაწყებული ბრძოლა დღესაც გრძელდება, რადგან საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
“დღეს ტკივილნარევი სიხარულის დღეა. ტკივილი იმიტომ, რომ ზუსტად 31 წლის წინ ქვეყნის თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე ჩვენმა გმირებმა შესწირეს თავი საქართველოს დამოუკიდებლობას. სიხარული კი იმიტომ, რომ ამ მოვლენებიდან ზუსტად ორი წლის თავზე, 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ის, რისთვისაც რუსთაველის მოედანზე აგრესიულ რუსეთს შეეწირნენ ჩვენი ახალგაზრდები. დღეს 9 აპრილის ერთ-ერთი გმირის, შალვა ქვასროლიაშვილის საფლავზე ვიმყოფებოდით და მასთან ერთად 31 წლის წინ გარდაცვლილთა გმირების ხსოვნას პატივი მივაგეთ. როდესაც თავისუფლების მოედანზე საბჭოთა არმია შემოვიდა, შალვა ცეკვავდა. ამ დროს მან დაინახა, რომ რუს ჯარისკაცს უნდა მოეკლა ორსული ქალი, შალვა გადაეფარა მას და სიკვდილს გადაარჩინა. ქალმა თავის შვილს შალვა დაარქვა. 31 წლის წინ დაწყებული ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა, რადგან საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მჯერა, რომ მალე ეს ბრძოლა აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება და შევძლებთ ქვეყნის სრულ დეოკუპაციას“, – განაცხადა გიგა ორკოდაშვილმა.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა.