ბერნი სანდერსმა საარჩევნო კამპანია შეწყვიტა – არჩევნებში დონალდ ტრამპის მეტოქე ჯო ბაიდენი იქნება
დემოკრატიული პარტიიდან აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, 78 წლის ბერნი სანდერსმა კამპანია შეწყვიტა, შესაბამისად, 3 ნოემბერს ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დაუპირისპირდებიან.
როგორც სანდერსმა განაცხადა, ბაიდენის მონაცემამდე მას 300 დელეგატის ხმა აშორებს – “შესაბამისად, გამარჯვება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ იდეოლოგიურ ომს ვიგებთ, მხარს გვიჭერს უამრავი ახალგაზრდა და დასაქმებულები მთელი ქვეყნის მასშტაბით, გადავწყვიტე, რომ დემოკრატიული პარტიის ნომინაციისთვის ბრძოლა წარუმატებელი იქნება. ამიტომ, დღეს ჩემი კამპანიის შეჩერების შესახებ ვაცხადებ”, – განაცხადა სანდერსმა.
კორონავირუსთან ბრძოლის მიუხედავად, აღნიშნული ყურადღების გარეშე ვერც დონალდ ტრამპმა დატოვა და Twitter-ში დაწერა – “ბერნი სანდერსი გავიდა! ეს ელისაბეთ უორენის დამსახურებაა. ის რომ არა, ბერნი ყველა შტატში მოიგებდა!”. ტრაპმა სანდერსის მომხრეებს რესპუბლიკურ პარტიაში გადასვლისკენ მოუწოდა.
რაც შეეხება თავად ჯო ბაიდენს – სანდერსის ელექტორატს ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმაც მიმართა.
“გხედავთ, მესმის თქვენი, მესმის ისიც, რაც ძალიან სწრაფად უნდა გაკეთდეს ამ ქვეყანაში. იმედს ვიტოვებ, რომ შემოგვიერთდებით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! დონალდ ტრამპს ერთად დავამარცხებთ”, – ნათქვამია ბაიდენის ოფიციალურ განცხადებაში.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება.