რუსეთმა აშშ-ის კვლევითი ჯგუფი “არასასურველ ორგანიზაციად” გამოაცხადა
რუსეთში აშშ-ის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, Jamestown Foundation-ი “არასასურველ ორგანიზაციად” გამოცხადდა, რაც ქვეყანაში ფონდის საქმიანობის აკრძალვის შესაძლებლობას იძლევა.
რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადების თანახმად, უწყებამ ფონდის პუბლიკაციები შეისწავლა და დაასკვნა, რომ ისინი რუსეთის ზოგ რეგიონში, კერძოდ, ჩრდილოეთ კავკასიაში, “სეპარატიზმის გაღვივებას” ემსახურება. პროკურატურაში ამტკიცებენ, რომ ფონდის საქმიანობა რუსეთის “საკონსტიტუციო წყობასა და უსაფრთხოებას” ემუქრება.
ფონდში მოსკოვის ქმედებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
არასასურველი ორგანიზაციების შესახებ კანონი რუსეთში 2015 წელს იქნა მიღებული, რომლის შედეგადაც ქვეყანაში ათზე მეტი უცხო ქვეყნის ორგანიზაციის საქმიანობა აიკრძალა. კანონის თანახმად, ორგანიზაციებს, თავდაპირველად, “არასასურველად” აცხადებენ, შემდეგ იუსტიციის სამინისტრო მათ საქმიანობას კრძალავს.