ABC News: აშშ-ის დაზვერვა უხანში “კატასტროფულ” შედეგებზე თეთრ სახლს აფრთხილებდა
აშშ-ის სპეცსამსახურები ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში აფრთხილებდნენ თეთრ სახლსა და სამხედრო ხელმძღვანელობას, რომ ჩინეთის ქალაქ უხანის ტერიტორიაზე ინფექცია ვრცელდება, რომელიც ადამიანების ცხოვრების წესსა და ბიზნესზე ახდენს გავლენას და მოსახლეობისთვის საფრთხისშემცველია.
ამის შესახებ ABC News-ი საიდუმლო მასალებს გაცნობილ ოთხ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს სტრუქტურაში შემავალი ეროვნული სამედიცინო ცენტრის ნოემბრის მოხსენებაში უცნობ მოვლენასთან დაკავშირებით შეშფოთებაა გამოთქმული, რომელიც ამჟამად კორონავირუსის პანდემიად არის ცნობილი.
ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ ანგარიში მოპოვებული კომპიუტერული და სხვა ტიპის შეტყობინებებზე დაყრდნობით, ასევე, თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების მეშვეობით მომზადდა.
“ანალიტიკოსებმა დაასკვნეს, რომ აღნიშნული შესაძლოა, კატასტროფული ხასიათის მქონე მოვლენა იყოს”, – ამბობს ერთ-ერთი წყარო. მისი თქმით, დასკვნის შესახებ არაერთხელ იქნა გაფრთხილებული თეთრი სახლი, პენტაგონი, შტაბების გაერთიანებული კომიტეტი.
ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, მარკ ესპერმა ნოემბრის გაფრთხილებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა – “არ მახსოვს. მაგრამ გვყავს უამრავი ადამიანი, რომელიც ამას ყურადღებით აკვირდება”.