მამუკა მდინარაძე: გიორგი ჭიღვარია ჩვენი გუნდის ღირსეული წევრია, მადლობას ვუხდი გაწეული სამუშაოსთვის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას გადადგომის საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ჭიღვარია მათი გუნდის ღირსეული წევრია და გაწეული სამუშაოსთვის მადლობას იმსახურებს.
“გიორგი ჭიღვარია არის ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი, მე მინდა, მას მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის. როგორც ჩემთვის ცნობილია, მას სურდა, აკადემიურ საქმიანობას დაბრუნებოდა და ამ სურვილის რეალიზაცია მოხდა დღეს. წარმატებებს ვუსურვებ მას.
მან თქვა, რომ ის მიდის პოლიტიკიდან. რაც მან განახორციელა, ამისთვის მხოლოდ მადლობა უნდა გადავუხადოთ”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისათვის, ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაცია გადაწყვეტილების შესახებ ჭიღვარიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მერმა მოსახლეობას ნდობისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და მშვიდობა უსურვა.