მიხეილ ჩხენკელი: ონლაინსწავლება და „ტელესკოლა“ არის გარანტი იმისა, რომ სემესტრი აუცილებლად შედგება და არცერთ შემთხვევაში არ ჩავარდება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ჩარჩო-დოკუმენტზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის გამო შექმნილი გამოწვევების დასაძლევად, განათლების მიმართულებით საქართველო შეფასებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა მსოფლიოში. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, ონლაინსწავლება და „ტელესკოლა“ არის გარანტი იმისა, რომ სემესტრი აუცილებლად შედგება და არცერთ შემთხვევაში არ ჩავარდება.

„ამ დოკუმენტში დეტალურად არის განხილული ყველა ის ღონისძიება, რაც გატარებულია საქართველოში განათლების სამინისტროს მიერ და განსაკუთრებით არის გამოყოფილი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც განათლების სამინისტრო ახორციელებს საქართველოს “პირველ არხთან” ერთად. პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც გარანტიას იძლევა ხელმისაწვდომობისა, რადგანაც ეს პროექტი განკუთვნილია ყველასთვის, განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა ჩვენს მოსწავლეებს წვდომა ინტერნეტთან. ამ დოკუმენტში დეტალურად არის განხილული სხვა ღონისძიებებიც დისტანციური სწავლებისა, კერძოდ ეს გახლავთ ის პროგრამები, რომლებიც სკოლების მიერ არის გამოყენებული დისტანციური სწავლებისთვის როგორც ონლაინ, ისე  – ოფლაინ რეჟიმში.

„მინდა, აღვნიშნო მაიკროსოფტის“ პროდუქტები, რომლებსაც ჩვენი სკოლები აქტიურად იყენებენ, ასევე, სხვა საკომუნიკაციო პლატფორმები. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ასეთი ენთუზიაზმით არიან ჩართულნი დისტანციური სწავლების განხორციელებაში, განსაკუთრებით, რასაკვირველია, ყველა მასწავლებელს, რომლებიც ასე აქტიურად, ასეთი მონდომებით, შემოქმედებითი მიდგომით იღებენ მონაწილეობას როგორც ონლაინსწავლების ფორმატში, ასევე „ტელესკოლის“ უაღრესად მნიშვნელოვან პროექტში. ყოველივე ეს ჩვენ საშუალებას გვაძლევს, ვთქვათ, რომ ეს სემესტრი აუცილებლად შედგება და არცერთ შემთხვევაში არ ჩავარდება“, – განაცხადა ჩხენკელმა.

„ტელესკოლა“ განათლების სამინისტროსა და საქართველოს “პირველი არხის” ერთობლივი პროექტია, რომლის ფარგლებშიც 30 მარტიდან მოსწავლეებს ტელეგაკვეთილებით სარგებლობის საშუალება აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები