მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით სამშობლოში საქართველოს 5000-მდე მოქალაქე დაბრუნდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სამშობლოში საქართველოს 5000-მდე მოქალაქე დაბრუნდა.

უწყების ინფორმაციითვე, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ დამატებითი რეისები განსაზღვრა.

“მსოფლიოში COVID-19 გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით სამშობლოში დაბრუნდა 5000-მდე საქართველოს მოქალაქე. მოქალაქეების ორგანიზებული დაბრუნება მოხდა შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი, იტალია, ირანი, პოლონეთი,ბულგარეთი,გერმანია, საბერძნეთი, ბელარუსი, ნიდერლანდები, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, სომხეთი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა დამატებითი რეისები შემდეგი მიმართულებით: 16 აპრილი – პარიზი-თბილისი; 18 აპრილი – თელავივი-თბილისი; 21 აპრილი – რომი-თბილისი. აღნიშნულ რეისებს განახორციელებს კომპანია „Georgian Airways”. ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღის ადრე, კომპანიის ვებ-გვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევრო. მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს. საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული რეისებიდან ასევე განხორციელდება : 7 აპრილი – ათენი-თბილისი; 10 აპრილი – ლარნაკა – თბილისი; 12 აპრილი – ბერლინი-თბილისი; 14 აპრილი – ამსტერდამი-თბილისი”,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები