ოზურგეთის საკრებულოს პარტია “ქართული ოცნების” დეპუტატები ხელფასის მესამედს Stop CoV-ის ფონდში გადარიცხავენ
ოზურგეთის საკრებულოს “ქართული ოცნების” წევრები თავიანთი სამი თვის ხელფასის მესამედს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ.
ამის შესახებ განცხადება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ ბრიფინგზე გააკეთა.
მისივე თქმით, საკრებულო და საკრებულოს წევრები იმ ოჯახებსაც დაეხმარებიან, ვისაც ამ პერიოდში სპეციალური საჭიროება გააჩნიათ.
“ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საკრებულოს,” ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, შევუერთდეთ მმართველი გუნდის სოლიდარობის ინიციატივას და ჩვენი წვლილი შევიტანოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. აგრეთვე, საკრებულოს ქართული ოცნების თითოეული წევრი, აპარატის თანამშრომლებთან ერთად, პირადი სახსრებით 70 ოჯახს, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ დახმარებას, საკვები პროდუქტებით მოამარაგებს. ეს გახლავთ ის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომელიც ვირუსთან ბრძოლაში განსაკუთრებით გვჭირდება”,- განაცხადა დავით დარჩიამ.
საკრებულოს თავმჯდომარე ოზურგეთის მერიის მიერ პრემიების გაცემის ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აღნიშნული ფაქტი ამ სიტუაციაში მიზანშეწონილი ნამდვილად არ არის. ინფორმაცია პრემიების გაცემის შესახებ საკრებულოსთან არ ყოფილა შეთანხმებული.
“აქვე მსურს გამოვეხმაურო, ოზურგეთის მერიაში გაცემულ სახელფასო დანამატებს – საკრებულოს პოზიცია ცალსახაა, აღნიშნულ ვითარებაში ეს გადაწყვეტილება არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად. გამომდინარე იქედან,რომ დანამატების გაცემა მერის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და ამასთან ოზურგეთის მერი არ წარმოადგენს პარტია “ქართული ოცნების” გუნდს, დანამატების გაცემის საკითხი და ინფორმაცია ჩვენთან არ ყოფილა განხილული, ან გაზიარებული. საკრებულოს უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დღეს როგორც არასდროს მნიშვნელოვანია მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის და სოლიდარობის გამოჩენა, რაც ყველას ერთად მოგვცემს შესაძლებლობას დავამარცხოთ პანდემია და გავუმკლავდეთ მის შედეგებს”, – განაცხადა დავით დარჩიამ.