მაია ცქიტიშვილი: პირველი ამოცანა სამუშაო ადგილებისა და არსებული ბიზნესსაქმიანობის შენარჩუნებაა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, პირველი ამოცანა არის სამუშაო ადგილებისა და არსებული ბიზნესსაქმიანობის შენარჩუნება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
მინისტრმა მთავრობის მიერ წარდგენილ ეკონომიკური მხარდაჭერის 2-მილიარდიან პაკეტზე ისაუბრა და ბიზნესის მხარდაჭერის მექანიზმებზე გაამახვილა ყურადღება.
„როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, აღნიშნული პაკეტი გულისხმობს არსებული ბიზნესსაქმიანობების ამ კრიზისულ პერიოდში მხარდაჭერას. პირველი ამოცანა არის სამუშაო ადგილებისა და არსებული ბიზნესსაქმიანობის შენარჩუნება, მეორე ნაწილი ემსახურებოდა მოქალაქეთა მხარდაჭერასა და მოქალაქეთა დახმარებას ამ რთულ პერიოდში. თუმცა ჩვენი ვალდებულებაა და აუცილებელია, ვიზრუნოთ იმაზე მას შემდეგ, რაც ნელ-ნელა დავუბრუნდებით არსებულ ნორმალურ ცხოვრებას, ქართულ ბიზნესს შევთავაზოთ სხვადასხვა ინსტრუმენტი, რათა ბიზნესმა შეძლოს საქმიანობის გაგრძელება, კონკურენტუნარიანი პოზიციების დაბრუნება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, სხვადასხვა დარგისთვის, სხვადასხვა სექტორისთვის იქნება შემუშავებული კონკრეტული პროგრამები, რომლებიც ბიზნესს მისცემს საშუალებას, ახალი სესხების აღების შემთხვევაში, ისარგებლონ მთავრობის მხარდაჭერით.
„ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტი არის სესხების საგარანტიო მექანიზმის შექმნა. ეს არის პროდუქტი, რომელზეც ამჟამად ვმუშაობთ კომერციულ ბანკებთან და ეროვნულ ბანკთან, რათა შემუშავდეს ისეთი კონკრეტული პაკეტები, რომელიც სხვადასხვა სექტორის გამოწვევას პასუხობს. საგარანტო მექანიზმი მთლიანობაში არის ორიენტირებული დაახლოებით ასევე 2 მილიარდიანი საკრედიტო პორტფელის გადაზღვევისთვის, შესაბამისად, სხვადასხვა ინსტრუმენტით, სხვადასხვა დარგისთვის, სხვადასხვა სექტორისთვის იქნება შემუშავებული კონკრეტული პროგრამები, რომელიც ბიზნესს მისცემს საშუალებას, ახალი სესხების აღების შემთხვევაში, ისარგებლონ მთავრობის მხარდაჭერით, რათა ბანკებიც და ბიზნესიც იყვნენ გარანტირებული, რომ კომპანიები შეძლებენ საკუთარი სესხების მომსახურებას“, – აცხადებს მაია ცქიტიშვილი.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს დაავალა, უახლოეს პერიოდში წარადგინონ საკრედიტო-საგარანტიო სქემა პოსტკრიზისულ პერიოდში ბიზნესის მხარდასაჭერად.