კომპანია „შილდამ“ და ფონდმა „ქართული გალობა“ თბილისის გამგეობებს მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცეს

“კომპანია „შილდამ“ და ფონდმა „ქართული გალობა“ თბილისის გამგეობებს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში, სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცეს”, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესა და მერის მოადგილესთან, ილია ელოშვილთან ერთად გაეცნო.

თბილისის მერმა პროექტში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების აქცია გრძელდება და მასში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

„ვაგრძელებთ ჩვენ აქტივობებს, რომ დავეხმაროთ იმ ოჯახებსა და ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ და დღეს ჩვენი თანამდგომა სჭირდებათ. დღეს 1000 ოჯახისთვის კომპანია „შილდამ“ და ფონდმა „ქართული გალობა“ შესაბამისი პროდუქტები გადმოგვცეს, რომელთა მიწოდება ამ ოჯახებისთვის თბილისის ათივე რაიონში დღესვე დაიწყება. მათ მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. ძალიან დიდია ბიზნესის მხრიდან სურვილი, ჩაერთონ ამ ღონისძიებებში, რასაც ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. ასევე, აქტიურობენ რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც დიდ მადლობას ვუხდი. ისინიც თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, ჩართული არიან ამ პროგრამაში, იღებენ მონაწილეობას და ყველაფერს აკეთებენ, რომ ხელი შეუწყონ ასეთი ოჯახების დახმარებასა და თანადგომას. ჩვენ ვაგრძელებთ აღნიშნულ პროექტს და ყველას, ვისაც სურვილი აქვს, შეგიძლიათ, მოგვმართოთ, დაგვიკავშირდეთ და თქვენც ჩაერთოთ ამ პროექტში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტისა და პირველადი საჭიროების ნივთების გარდა, ფოდმა „ქართული გალობა“ გამგეობებს 2000 ცალი პირბადე გადასცა.

„თბილისის მერიის მხრიდან ძალიან სწორი და დროული აქციაა. დიდი სიამოვნებით ჩავერთეთ პროექტში და 1000 ოჯახს მიზნობრივად დავეხმარებით. ეს არის ის ჯგუფი, ვისაც შექმნილ სიტუაციაში დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება“, – განაცხადა კომპანია „შილდას“ დამფუძნებელმა, მიხეილ ჩხარტიშვილმა.

სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტისა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანია გრძელდება. ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ.

მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათების გადაცემის პროცესს რაიონის გამგებლები და საკრებულოს დეპუტატები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები