დავით ჩიხელიძე: სრული ჭეშმარიტებაა, რომ ხალხს უყვარს ჯარი და იმედის თვალით შეჰყურებს
„თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაწყებულმა და უკვე ხორცშესხმულმა, უაღრესად პოზიტიურმა ცვლილებებმა რწმენა დამიბრუნა ქართული ჯარის აღმშენებლობისა და რეფორმების მიმართულებით”, – ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი, დავით ჩიხელიძე აცხადებს.
მისი თქმით, დღეს უხილავ მტერთან ომში ვართ და ამ ომს ერთიანობა მოგვაგებინებს, გახლეჩილი ერი ომს ვერ მოიგებს.
„მწუხარება სხვისა სიკეთესა ზედა”. თუ ოდესმე ქართველებს დიდი და მცირე ომი მოუგიათ, მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობით. შამქორი, ბასიანი, დიდგორი ტაშისკარი, მარტყოფი და კიდევ ბევრი სხვა, ერთიანობა და ერთიანობა, გახლეჩილი ერი ომს ვერ მოიგებს.
„დღესაც ომში ვართ, მაგრამ უხილავ მტერთან ომში. არ ვიცით, სად არის, როდის მოვა და ვისთან. თუმცა ომის მოგების მარადიული პრინციპი – ერთიანობა, არ იცვლება უხილავ მტერთან ბრძოლის ჟამსაც”, – აღნიშნავს ჩიხელიძე.
ჩიხელიძე ამ მცირე ისტორიული კალამბურის მიზეზს განმარტავს და ამბობს, რომ მთავრობა და ხალხი იბრძვის ქვეყნისა და მომავლის გადასარჩენად.
„თუ რატომ დამჭირდა ეს მცირე ისტორიული კალამბური, მოგახსენებთ. ამას წინათ სულ სამი-ოთხი დღე არ გასულა, ვწერდი ამ ახალი შავი ჭირის, „კორონავირუსის” შესახებ. გულწრფელად მიხაროდა, რომ ვნახე გაერთიანებული ერი და ბერი, მთავრობა და ხალხი, რომელიც იბრძვის ქვეყნისა და მომავლის გადასარჩენად. ხაზი გავუსვი თითქმის ყველა სამთავრობო უწყების კოორდინებულ, მტკიცე პასუხისმგებლობით აღსავსე მოქმედებებს, მედიკოსების შეუპოვრობასა და პროფესიონალიზმს, პოლიციელების ზუსტ და ეფექტურ საქმიანობას, ასევე, ხაზგასმით აღვნიშნე თავდაცვის ძალების გონივრული, ორგანიზებული, პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებები, რომელსაც საზოგადოების ფართო ფენების ძალზე პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. დასამალი არ არის და სრული ჭეშმარიტებაა, რომ ხალხს უყვარს ჯარი და იმედის თვალით შეჰყურებს.
არ შემიძლია, არ აღვნიშნო თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაწყებული და უკვე ხორცშესხმული, უაღრესად პოზიტიური ცვლილებები, რამაც რწმენა დამიბრუნა, ქართული ჯარის აღმშენებლობისა და რეფორმების მიმართულებით”, – აცხადებს ჩიხელიძე.
„დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში თავდაცვის სამინისტროსა და მინისტრის მნიშვნელოვან ჩართულობაზე და მავანთა მხრიდან ირაკლი ღარიბაშვილის საწინააღმდეგო შეკვეთილი სტატიების გამოჩენაზე საუბრობს, თითქოსდა გვარდიაში „კორონით” დავირუსებულ ხალხს მალავენ.
„ოთხი დღე არ გასულა და ვერ მოითმინეს მავანთ და ე.წ. „ექსპერტ-პატრიოტების” გამოყენებით, აქტიურად შეუტიეს თავდაცვის სამინისტროს. ირაკლი ღარიბაშვილს მე არ ვიცნობ და, ალბათ, არც არის საჭირო. მთავარია, რას აკეთებს ის ქვეყნისთვის და არა ის, ვიცნობ თუ არა მას. დიახ, ვერ მოითმინეს მისი დადებით კონტექსტში წარმოჩენა და ე.წ. ექსპერტების მეშვეობით გამოაცხვეს შეკვეთილი სტატიები თითქოსდა გვარდიაში „კორონით” დავირუსებულ ხალხს მალავენ: ცუდი სამხედროები მინისტრს უმალავენ ჯარში დაავადებულთა რეალურ მაჩვენებელს და ა.შ.
სტატიებში მინისტრი თითქოს პოზიტიური კუთხით არის წარმოჩენილი, თუმცა ამავე დროს, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ დანაყოფში ცალკეულ ხელმძღვანელთა ქმედებები უპასუხისმგებლოდ არის შეფასებული.
ყოველივე აღნიშნული, კარგად ორგანიზებული, მზაკვრული გეგმის ნაწილია, გარკვეულ ძალებს ცუდად ენიშნათ თავდაცვის სამინისტროსა და ირაკლი ღარიბაშვილის წვლილის წარმოჩენა, მისი მხარდამხარ დგომა შს და ჯანდაცვის სამინისტროებთან ერთად, უხილავ მტერთან ომში.
დიახ, მაშინ როდესაც კონსოლიდირებული საზოგადოება ერთად უნდა უტევდეს ამ საყოველთაო უბედურებას, გარკვეულ, თითქოსდა ქვეყანაზე „მზრუნველ ძალებს” იმის დრო რჩებათ, რომ ლახვარი ჩასცენ თავდაცვის სამინისტროს და მის ხელმძღვანელობას. ამ შემთხვევაში პრინციპი ერთია, მაქსიმალურად გაუფერულდეს სამინისტროს პოტენციალი და პოზიტიური როლი ამჟამად არსებულ გამოწვევებთან საბრძოლველად”, – ამბობს ჩიხელიძე.
ის დაქირავებულ ექსპერტებს მიმართავს – დაძლიეთ ბოღმა და შური, გავერთიანდეთ, რათა ერთიანი უწყვეტი ჯაჭვის პრინციპით ვიმოქმედოთ.
„აღნიშნული სპექტაკლისა და ორკესტრირებული შეტევის უკან მდგომ ძალებს, მათ მიერ დაქირავებულ ექსპერტებს საჯაროდ ვეტყვი, დაძლიეთ ბოღმა და შური, გავერთიანდეთ, რათა ერთიანი უწყვეტი ჯაჭვის პრინციპით ვიმოქმედოთ. ნუ ჩაარტყამთ ერთმანეთს ზურგში ლახვარს. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, „მწუხარება სხვისა სიკეთესა ზედა” ვერასოდეს დაამარცხებს ვერც ხილულ და ვერც უხილავ მტერს.
თავდაცვის სამინისტროსა და მის ხელმძღვანელობას კი მოვუწოდებ, არ შედრკეს მსგავსი მუხანათური პასკვილების გამო და გააგრძელოს საზოგადოების სამსახურში ყოფნა გაორმაგებული ენერგიით. ხალხი ბრძენია და ყველაფერს ხედავს – „ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი”, – აცხადებს დავით ჩიხელიძე.