თამარ გაბუნია: ქვეყნის მასშტაბით 40-მდე კლინიკაა მობილიზებული, რომელიც ცხელებიან პაციენტებს მოემსახურება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 40-მდე კლინიკაა მობილიზებული, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, ცხელებიან პაციენტებს მოემსახუროს.

მისივე თქმით, რაიონული ცენტრის კლინიკები იმდენად პატარაა, რომ ერთზე მეტ პაციენტს ვერ მოემსახურება, ამიტომაც მათ დროულად უახლოეს კლინიკებში გადაამისამართებენ.

„უკანასკნელ პერიოდში გვქონდა პრობლემები, რომ ბევრი კლინიკა უარს ამბობდა ცხელებიანი პაციენტის მიღებაზე და ხდებოდა მათი გადამისამართება  კლინიკებში, თუმცა რაიონული დონის კლინიკები არიან შესაფერისად აღჭურვილი, რათა ისინი უსაფრთხოდ მიიღონ, გაუწიონ საწყისი შეფასება იმ პაციენტებს, ვინც ცხელებითა და რესპირატორული სიმპტომებით მიმართავს. სწორედ ამიტომ უკვე იდინტიფიცირებულია რაიონული დონის კლინიკები, ვინც გამოყოფს ცხელების ზონას, ან თუ ამის გაკეთება შეუძლებელია, განტვირთავს საავადმყოფოს სხვა პაციენტების გადანაწილების გზით, იმგვარად რომ სრულად მოემსახუროს მხოლოდ პაციენტებს ცხელებით. ასეთი არის ყველა რაიონულ ცენტრში, ჯამში გამოდის 40-მდე კლინიკა. ზოგიერთი რაიონული ცენტრის კლინიკა იმდენად პატარაა, რომ იქ ერთზე მეტი პაციენტის დაყოვნება ვერ მოხერხდება და ასეთ შემთხვევაში მაქსიმალურად შევეცდებით გადავამისამართოთ პაციენტები დროულად უახლოეს რაიონულ კლინიკებში“, – განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება დიდ კლინიკებს – მისივე თქმით, ასეთი კლინიკები იდენტიფიცირებულია თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში და რეგიონული მოცვა საკმაოდ კარგია.

„ასეთი კლინიკებიც მზადყოფნაშია და, შემთხვევების რაოდენობის მატებასთან ერთად, უზრუნველყოფენ სრულად მხოლოდ კორონავირუსზე გადაწყობას, იმგვარად, რომ მიიღონ პაციენტები კორონავირუსით და ჩაუტარონ მათ სამკურნალო მომსახურება, რაც ასეთ შემთვევაში იქნება საჭირო. ასეთი კლინიკები იდენტიფიცირებულია თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ანუ რეგიონულად მოცვა არის საკმაოდ კარგი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები