ირაკლი ჩიქოვანი: თელავსა და ახალციხეში სპეციალური გამშვები პუნქტები მოეწყობა
საქართველოს მასშტაბით 7 მუნიციპალიტეტის საზღვარზე უკვე ამოქმედდა სპეციალური გამშვები პუნქტები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ანალოგიური პუნქტები ამოქმედდება კიდევ 2 მუნიციპალიტეტში: თელავსა და ახალციხეში.
„მოწყობილია სპეციალური გამშვები პუნქტები, რომელიც მოაწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა და ასევე, თავდაცვის სამინისტროს ძალებმა. ამ პუნქტებზე ხდება მკაცრი კონტროლი იმ შეზღუდვებისა, რომელიც დაწესებულია საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში და რა თქმა უნდა, ასევე, მიმდინარეობს ჩვენი თანამოქალაქეების თერმოსკრინინგი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.