სოფელ სხვილისში კარტოფილის თესვის პროცესს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ
ქვეყანაში არსებული საგანგებო ვითარების მიუხედავად, სამცხე -ჯავახეთში საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სასოფლო-სამეურნეო ფართობებზე კარტოფილის თესვის პროცესს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
რწმუნებულმა საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ადგილზევე მიიღო და აღნიშნა, რომ მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოები უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის.
სამცხე–ჯავახეთის რეგიონში კარტოფილის წარმოება მზარდი ტენდენციებით ხასიათდება. საქართველოში კარტოფილის წარმოების დიდი წილი სამცხე–ჯავახეთის რეგიონზე მოდის და ქვეყნის მთლიან წარმოებაში 49%-ს შეადგენს, რაც კარტოფილის წარმოების მაღალი მაჩვენებელია.
ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, მუშაობას აგრძელებს აგროქიმიკატებისა და პესტიციდების სავაჭრო ობიექტები. სავაჭრო ობიექტებს, რომლებიც აგროქიმიკატების რეალიზაციას ახდენენ, ფუნქციონირება არ შეუწყდათ და არსებული რეკომენდაციების დაცვით მუშაობენ, შესაბამისად, მეურნე-ფერმერებს საშუალება აქვთ, საქმიანობა აგრო-ვადების დარღვევის გარეშე აწარმოონ.