რუსთავში მოქმედი საწარმოები შეუფერხებლად აგრძელებენ მუშაობას

რუსთავში არსებულ ქარხნებში საწარმოო პროცესი COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციული ზომების სრული დაცვით, შეუფერხებლად მიმდინარეობს, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” რუსთავის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, საწარმოო პროცესის მიმდინარეობას და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ხარისხს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა შპს ,,ქონსტრაქშენ სერვისსა” და ,,კავკას პაკში” გაეცნო.
,,ქონსთრაქშენ სერვისი მუშაობს, ნედლეულთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვთ, შეკვეთების რაოდენობიდან გამოდინარე, დატვირთულია საწარმო. ადგილზე გამკაცრებულია შიდა რეგულაციები და გათვალისწინებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყველა რეკომენდაცია. ნახეთ, რომ ძალიან მოწესრიგებულია აქ ყველაფერი.
მეორე საწარმო, რომელიც ჩვენ ვნახეთ – ,,კავკას პაკია”. მიხარია, რომ აქაც ნედლეულის პრობლემა არა აქვთ, გადასულები არიან მუშაობის სპეციფიკურ რეჟიმზე და აქაც სრულად იცავენ ყველა რეკომენდაციას”,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
,,ქონსთრაქშენ სერვისი” ლითონის სამშენებლო კონსტრუქციებს, რკინა-ბეტონის კოჭებს აწარმოებს, ასევ არაგაბარიტული ტვირთის ტრანსპორტირებასაც ეწევა.
,,ქარხანამ პირველი პროდუქცია 2014 წელს გამოუშვა და დღეისათვის ჯამში 400-მდე მუშა-მოსამსახურეა დასაქმებული. ოფისის თანამშრომლების რაოდენობა მინიმუმამდე დავიყვანეთ,
ჩვენთან დაცულია უსაფრთხოების ყველა ნორმა და მკაცრად კონტროლდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია”, – განაცხადა ,,ქონსთრაქშენ სერვისის” პროექტების მენეჯერმა ნინო გაბუნიამ.
სრული დატვირთვით მუშაობს კომპანია ,,კავკას პაკ”-ის საწარმო, სადაც რეკომენდაციის შესაბამისად, ოთხცვლიან სამუშაო რეჟიმზე გადავიდნენ.
,,კავკას პაკი” პლასტმასის კონტეინერებს და ერთჯერადი მოხმარების ჭურჭელს აწარმოებს. ქარხნის ინვესტირება, პირველ ეტაპზე, საშეღავათო აგროკრედიტის ფარგლებში მოხდა და ის 2012 წელს დაფუძნდა. დღეისათვის 120 ადამიანი გვყავს დასაქმებული. პროდუქციის რეალიზებას საწარმო მთელი რეგიონის მასშტაბით ახდენს და ექსპორტზეც მუშაობს. ქარხანა დატვირთულია და სრულად იცავს იმ რეკომენდაციებს, რაც დღეს არსებული მდგომარეობის გამო, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით არის გაცემული”, – გაანაცხადა ,,კავკას პაკის” დირექტორის მოადგილე გიორგი ძამუკაშვილმა. რუსთავში არსებული საწარმოებიდან, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს თითქმის ყველა მსხვილი კომპანია. პროდუქციას შეუფერხებლად აწარმოებს ს.ს. ,,რუსთავის აზოტი” , ,,ჰაიდელბერგ ცემენტი”, ,,რუსთავის ფოლადი” და ქვეყნის ეკონომიკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სხვა ქარხანა, თუ შედარებით მცირე ზომის წარმოება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები