ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოში აშშ-ს ელჩთან დისტანციურად ვიდეო-შეხვედრა გამართა

სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კელი დეგნანთან დისტანციური წესით, ვიდეო-შეხვედრა გამართა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკაზე, მის ფარგლებში დაგეგმილ და გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს. ქეთევან ციხელაშვილმა ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის ფონზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, მათ შორის იქ მცხოვრები ადამიანების საჭიროებების შესახებ. მინისტრმა დიპლომატს მადლობა გადაუხადა აშშ-ს ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების დახმარება, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც სტრატეგიული პარტნიორის, რომელიც ამ დრომდე აფხაზეთის რეგიონში მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, მათ შორის ჯანდაცვის კუთხით.

საუბარი აგრეთვე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შემდგომ სავარაუდო რაუნდს, ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და მის სამომავლო განხორციელებას იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. კელი დეგნანმა სრული მხარდაჭერა გამოთქვა სამშვიდობო ინიციატივის მიმართ.

შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო პოლიტიკა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის მიმართულებითაც. ამ მხრივ, მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გაწეული დახმარებისთვის. მათ შორის USAID-ის მიერ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში კორონავირუსთან დაკავშირებული აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი საინფორმაციო მასალის დამზადებაში შეტანილი წვლილისთვის.

შეხვედრის ბოლოს ქეთევან ციხელაშვილმა ელჩს ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე სამშვიდობო პოლიტიკისადმი გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებასა და გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები