იენს სტოლტენბერგი: საქართველო წარმატებით უმკლავდება პანდემიას და ვიმედოვნებ, მომავალშიც ასე გაგრძელდება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ინიციატივით, გაიმართა სატელეფონო საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან.
საგარეო უწყების ცნობით, სტოლტენბერგმა ზალკალიანს, მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიის გამო, 3-4 აპრილს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის შეზღუდული ფორმატით ჩატარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. ამასთანავე, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით უმკლავდება პანდემიას და იმედი გამოთქვა, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება.
თავის მხრივ, დავით ზალკალიანმა ნატო-ს გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ზომების შესახებ.
საგარეო უწყების ცნობით, საუბრისას სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მიმართ გამოხატავს სოლიდარობასა და მხარდაჭერას COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში
სატელეფონო საუბრისას განხილული იყო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება.
“ნატო-ს გენერალური მდივანი, ასევე, მიესალმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს. როგორც გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ნატო გააგრძელებს მუშაობას საქართველოს მხარდასაჭერად დამატებით ზომებზე. საუბრისას აღინიშნა, რომ შექმნილი სიტუაცია ხელს არ შეუშლის ნატო-საქართველოს თანამშრომლობას და მომავალში შენარჩუნდება დღეს არსებული პოზიტიური დინამიკა. ასევე, განხილული იყო შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში უახლოეს მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.