ლუკ კოფი: ევროპას საფუძვლიანი ინტერესი აქვს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების, დაცულობისა და კეთილდღეობის მიმართ
„უკრაინა და საქართველო ისწრაფვიან ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მაშინ, როდესაც რუსეთსა და თურქეთს უნიკალური და რთული ურთიერთობა აქვთ ევროკავშირთან”, – ამის შესახებ „ჰერითაჯის” ფონდის მკვლევარი, ლუკ კოფი გამოცემა mei.edu-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.
როგორც ავტორი აღნიშნავს, ევროკავშირის დაინტერესება შავი ზღვის რეგიონით, ძირითადად, იმ ფაქტს ეფუძნება, რომ მისი ორი წევრი სახელმწიფო – რუმინეთი და ბულგარეთი – დაკავშირებულია ამ აკვატორიასთან. თუმცა, ორგანიზაცია ეკონომიკურად და პოლიტიკურად შავი ზღვის მოსაზღვრე არაწევრ სახელმწიფოებთანაც მჭიდროდაა დაკავშირებული.
„შავი ზღვა მრავალი მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი რეგიონი ევროკავშირისთვის და ეს მიზეზები მოიცავს ეკონომიკურ, უსაფრთხოების, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ფაქტორებს. შავი ზღვის ფსკერზე ასობით მილის სიგრძის მილსადენები და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებია გადებული. მსხვილი ევროპული პორტები რეგიონის ეკონომიკური საქმიანობის მნიშვნელოვან წყაროდ გვევლინება. შავ ზღვაზე არსებული უმსხვილესი პორტი – კონსტანცა – რუმინეთშია. მდინარე დუნაის სათავე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკვანძო ეკონომიკური და სავაჭრო არტერიის ფუნქციას ასრულებდა, შავი ზღვის აკვატორიაში მდებარეობს. შავი ზღვა, ასევე, ევროპისა და აზიის მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი კვანძია. მაშინ, როდესაც ორივე კონტინენტი ცდილობს ერთმანეთთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების დამყარებას, შავი ზღვის რეგიონი იმაზე უფრო კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს, ვიდრე ოდესმე ჰქონია”, – წერს ლუკ კოფი.