აჭარაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს
აჭარაში ინფრასტრუქტურული, საგზაო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ე.წ. ოცნების ქალაქის სამშენებლო ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის საძირკვლის არმირება ხორციელდება. სამუშაოებში, დაახლოებით, 70 ადამიანია დასაქმებული.
მშენებლობის პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე – თორნიკე რიჟვაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად გაეცნო.
თორნიკე რიჟვაძე პროექტის მიმდინარეობითა და პანდემიის ფონზე დასაქმებულთა უსაფრთხოების საკითხით დაინტერესდა.
“აჭარაში ე.წ. ოცნების ქალაქის, საგზაო ინფრასტრუქტურისა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების მშენებლობა გრძელდება. მაქსიმალურად დაცულია ჯანდაცვისა და უსაფრთხოების ნორმები და რეკომენდაციები. არსებული პროექტები მნიშვნელოვანია აქ დასაქმებულებისთვის, ჩვენი ეკონომიკისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის. პანდემიასთან დაკავშირებით მაქსიმალურად იქნება გატარებული ყველა პრევენციული ზომა, ამავე დროს, გაგრძელდება რეგიონში მიმდინარე პროექტები. ყველა ერთად შევძლებთ, გამოვიდეთ ამ რთული მდგომარეობიდან”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.