გია ვოლსკი: ზუგდიდში გამართული აქციის მიზანი საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირება იყო
პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი ზუგდიდში დღეს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ უსაფრთხოების ნორმების დარღვევით პირბადეების დარიგების აქციას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ამ აქტივობის მიზანი საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირება იყო. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის მხრიდან ეს უზნეო და უშედეგო ქმედებაა.
“ეს არ იყო ჰუმანიტარული აქცია. ეს იყო საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირებისთვის გაკეთებული, ვისაც ესმის, რომ ასეთი შეკრება საფრთხისშემცველია. ეს მიზანი იყო აშკარა და ეს გამოჩნდა თუნდაც სააკაშვილის განცხადებიდანაც, რომელიც საზოგადოებრივი კონსოლიდაციისკენ მოგვიწოდებს, როდესაც თავად ამ იდეას უპირისპირდება.
როცა ამდენი ხალხი იკრიბება და აწყობს ზედახორას, რა საკვირველია, სამართალდამცველების საქმიანობა საკმაოდ ძნელდება. ამას “ნაცმოძრაობამ” ვერ მიაღწია. პოლიტიკური მკვდრეთიდან აღდგომის დრო აღარ არის და ეს უზნეო და უშედეგო მოქმედებაა.
მე ვფიქრობ, ამ კუთხით უნდა შეაფასოს საზოგადოებამ ის, რაც ზუგდიდში მოხდა და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს”, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
ცნობისათვის, „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები უსაფრთხოების წესების დარღვევით დაარიგეს, რადგან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ 10 კაცზე მეტი ადამიანის შეკრება კანონით იკრძალება. მანამდე, სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” ზუგდიდის საკრებულოს წევრმა, ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე ანა წითლიძემ მოქალაქეებს პირბადეების ასაღებად ქალაქში გამოსვლისკენ მოუწოდა. „ვისაც გჭირდებათ: ხვალ, 26 მარტს, 13:00 საათზე პირბადეების, ხელთათმანებისა და სადეზინფექციო ხსნარების კომპლექტები დარიგდება ზუგდიდში, ცენტრალურ ბულვარში, ზვიად გამსახურდიას ძეგლის წინ. მიბრძანდით და აიღეთ“, – დაწერა წითლიძემ.