ADB: მზად ვართ, ვიმუშაოთ მთავრობასთან დაზარალებული ეკონომიკის დასახმარებლად
„აზიის განვითარების ბანკი მზადაა, განიხილოს ყველა შესაძლო ვარიანტი, რათა საქართველოს სწრაფად და ეფექტურად დავეხმაროთ“, – აცხადებს ADB-ს პრეზიდენტი, მასაცუგუ ასაკავა.
როგორც ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ADB მზად არის, იმუშაოს მთავრობასა და მთავარ პარტნიორებთან ერთად დაზარალებული ეკონომიკის დასახმარებლად, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას, იზრუნოს მოსახლეობის ყველაზე მეტად დაზარალებულ ნაწილზე.
“საქართველო ორმაგ შოკს განიცდის პანდემიის პირდაპირი და ნავთობზე ფასების დაცემის არაპირდაპირი ზემოქმედების გამო. დარტყმა განსაკუთრებით რთული ტურიზმისა და მომსახურების სხვა სექტორებისთვის იქნება. ნავთობის ფასების დაცემა ნეგატიურად მოქმედებს მეზობელი ქვეყნებიდან გადარიცხვებზე და აღნიშნულ ქვეყნებში ზრდის ტემპის შენელება ვაჭრობის შესუსტებასაც იწვევს.
პრეზიდენტმა ასაკავამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო წამყვანი რეფორმატორია და ამან ქვეყანას საშუალება მისცა, პანდემიის წინააღმდეგ მტკიცე საპასუხო ქმედებები განეხორციელებინა, მათ შორისაა საგადასახადო შეღავათები მძიმედ დაზარალებული ტურიზმის ინდუსტრიისთვის, ეკონომიკის სტიმულირებისკენ მიმართული კაპიტალდაბანდებები და ფინანსებთან გაუმჯობესებული წვდომა მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისა და კერძო პირებისთვის. ეს ნაბიჯები საქართველოს რესურსების ეფექტიანად გამოყენებაში დაეხმარება და საფუძველს ჩაუყრის სწრაფ ეკონომიკურ გაჯანსაღებას.
2020 წლის 18 მარტს ADB-მა, დაახლოებით, 6.5 მილიარდი აშშ დოლარის საწყისი დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა, კოვიდ-19-ის პანდემიის საპასუხოდ მისი წევრი განვითარებადი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს პირველადი საჭიროებებისთვის. ADB მზადაა, საჭიროებისამებრ, ქვეყნებს დამატებით ფინანსური და საკონსულტაციო დახმარება გაუწიოს. მეტი ინფორმაციისთვის კორონავირუსის საპასუხო ქმედებების შესახებ ეწვიეთ ADB-ის ვებგვერდს.
ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის, 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი”, – აღნიშნულია ADB-ის განცხადებაში.